რუსეთი და ჩინეთი გაზსადენ ციმბირის ძალა-2-ის მშენებლობას იწყებს. შესაბამის მემორანდუმს მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს. ინფორმაციას გაზპრომის გენერალური დირექტორი ალექსეი მილერი ავრცელებს.

მემორანდუმის გაფორმების შესახებ ინფორმაცია ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრის პარალელურად გავრცელდა. 

პუტინი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტიდან პეკინში გაემგზავრა, სადაც სის შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო მონღოლეთის დელეგაცია. მონღოლეთი ტრანზიტული ქვეყანაა, რომლის ტერიტორიასაც ახალი მილსადენი გადაკვეთს.

შეთანხმების თანახმად, ჩინეთი რუსეთის გაზის საბადოებიდან წელიწადში 50 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობის გაზს მიიღებს. ხელშეკრულება 30 წლის ვადით დაიდო.

გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ციმბირის ძალა-1-ის მიერ მიწოდებული წლიური გაზის რაოდენობა 38-დან 44 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.

ფინანსური მედიების ინფორმაციის თანახმად, ჩინეთი გაზსადენის აშენების შესახებს მოლაპარაკებებს ძლიერის პოზიციიდან  აწარმოებდა და ბუნებრივ აირს რუსეთის შიდა საბაზრო ფასთან მიახლოებულ ფასში ითხოვდა. მოლაპარაკებები 2024 წელს დროებით შეწყდა და 2025 წელს ირან-ისრაელის კონფლიქტის დაწყების შემდეგ განახლდა.