2026 წლის პირველ ნახევარში გერმანიამ რუსეთს 79 მილიონი ევროს ღირებულების კიდურების პროთეზები და ენდოპროთეზები (სახსრების შემცვლელი იმპლანტატი) მიაწოდა. ეს თითქმის 19 მილიონი ევროთი მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, - იტყობინება Forbes-ის რუსული გამოცემა სტატისტიკის სააგენტო Eurostat-ის მიერ მოწოდებულ საგარეო ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით.

ყველაზე დიდი ზრდა ენდოპროთეზების მიწოდებამ აჩვენა - ის ერთ-ნახევარჯერ, 37,8 მილიონ ევრომდე გაიზარდა და საერთო ზრდის თითქმის 70% უზრუნველყო. ხელისა და ფეხის პროთეზებზე, მათ მაკომპლექტებელ ნაწილებსა და სხეულის სხვა ხელოვნურ ნაწილებზე 41,2 მილიონი ევრო მოდის, რაც 16%-ით აღემატება 2025 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს.

2021 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებთან შედარებით, გერმანიიდან კიდურების პროთეზების მიწოდების მოცულობა 5,4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ენდოპროთეზების - 6,1-ჯერ. ამასთან, როგორც Forbes აღნიშნავს, მკვეთრი ზრდა 2024 წელს დაიწყო: 2022 და 2023 წლების მიწოდების მოცულობასთან შედარებით, როგორც კიდურების პროთეზების, ისე ენდოპროთეზების იმპორტი პრაქტიკულად გაორმაგდა.

იმპორტის მკვეთრი ზრდა რუსეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ხელისა და ფეხის პროთეზების რაოდენობის მატებას უკავშირდება. Forbes-ის მიერ მოყვანილი შრომის სამინისტროს მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2023 წელს სახელმწიფომ საჭიროების მქონე პირებს 99,5 ათასზე მეტი ნაკეთობა გადასცა, ხოლო 2024 წელს - უკვე 152,6 ათასზე მეტი.

ჟურნალის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, მიზეზებს შორისაა პროთეზების გაცემის პროცედურის დაჩქარება, ასევე მათი საჭიროების მქონე პირთა შორის ახალგაზრდების წილის ზრდა. ძირითადად, ესენი არიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ომის დაჭრილი მონაწილეები, - ირკვევა ჟურნალის მიერ მოყვანილი მონაცემებიდან.