რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინული უპილოტო კატერები შავ ზღვაში რუსულ სადაზვერვო ხომალდს, "ივან ხურსს" თავს დაესხნენ. 

უწყების ცნობით, თავდასხმა დილის  05:30-ზე, ბოსფორიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 140 კილომეტრში მოხდა. 

მათივე მტკიცებით, თავდასხმაში 3 კატერი მონაწილეობდა. რუსეთის თავდაცვის უწყების სპიკერის, იგორ კონაშენკოვის ცნობით, სამივე მათგანი განადგურებულია. 

მისი თქმით, რუსული ხომალდი თურქეთის ეკონომიკურ ზონაში გაზსადენების, "თურქული ნაკადისა" და "ლურჯი ნაკადის" უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებს ასრულებდა.

უკრაინულ მხარეს რუსეთის ბრალდებებზე კომენტარი არ გაუვრცელებია.