დონეცკის ოლქზე რუსული თავდასხმის შედეგად, კრამატორსკის რაიონის დაბა ალექსანდროვკაზე, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ექვსი, მათ შორის 2021 წელს დაბადებული ბავშვი, დაშავდა. ამის შესახებ Telegram-ზე დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა.
წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევებში კიდევ შვიდი ადამიანი რჩება, მათ შორის, ორი ბავშვი. უფრო ადრე გავრცელებულ შეტყობინებაში საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დააზუსტა, რომ საუბარია 2024 და 2025 წლებში დაბადებულ ბავშვებზე.
დონეცკის ოლქის პოლიციის ცნობით, ალექსანდროვკაზე დარტყმა განხორციელდა ФАБ-250 ტიპის ბომბებით, რომლებიც აღჭურვილი იყო დაგეგმვისა და კორექტირების უნიფიცირებული მოდულით (УМПК). ფილაშკინმა მოუწოდა ყველას, ვინც ჯერ კიდევ რჩება დონეცკის ოლქში, ნუ გადადებენ ევაკუაციას. "გააფრთხილეთ თქვენი შვილები. გადაიყვანეთ ისინი უფრო უსაფრთხო რეგიონებში", — დაწერა მან.
ამასთანავე, უკრაინის დონეცკის ოლქის პოლიციამ Telegram-ზე განაცხადა, რომ რუსეთმა კრამატორსკს კასეტური საბრძოლო მასალით დაარტყა. შედეგად დაშავდა 9 ადამიანი. "თავდასხმა დღეს, 11:45 საათზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მოწინააღმდეგემ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "Ураган"-ი გამოიყენა", — ნათქვამია პოსტში.
პოლიციის მონაცემებით, დაშავებულებს შორის არის 46-დან 74 წლამდე ასაკის ოთხი ქალი და ხუთი მამაკაცი. "ერთ-ერთი ქალის მდგომარეობა მძიმეა, მისი პერსონალური მონაცემები დგინდება. დაზარალებულებს აღენიშნებათ ნაღმ-ფეთქებადი ტრავმები, ჭრილობები ნამსხვრევებისგან და მოტეხილობები", — ნათქვამია შეტყობინებაში. ამავე თავდასხმის შედეგად დაზიანდა 8 კერძო სახლი, აღნიშნულია პოსტში.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა Telegram-ზე განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მართვადი ავიაბომბების გამოყენებით განხორციელებული სამი დარტყმის შედეგად სუმში შვიდი ადამიანი დაშავდა.




