რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ კიევის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. ამის შესახებ Telegram-ზე უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
მისი თქმით, ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დარნიცკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევი სავალ ნაწილზე ჩამოვარდა. სოლომიანსკისა და პოდილის რაიონებში ნამსხვრევები არასაცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. დნიპროს რაიონში ფრაგმენტები 16-სართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლების ეზოში, ასევე ადმინისტრაციულ შენობაზე ჩაცვივდა. დაზიანდა კერძო ტერიტორიები, ხოლო ერთ-ერთი სახლი დაინგრა.
პოდილის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები სამშობიარო სახლთან არსებულ ავტოსადგომს დაეცა, რამაც ავტომობილების ხანძარი გამოიწვია. დაზიანებულია შენობის ფანჯრები და ფასადის ნაწილი.
წინასწარი მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებაში არავინ დაშავებულა. გარდა ამისა, ზიანი მიადგა იქვე მდებარე კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ცენტრს, დასძინა კლიჩკომ.
უკრაინული Telegram-არხი Insider UA წერს, რომ 35 წუთის განმავლობაში კიევის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 20 რაკეტა გაუშვეს, ხოლო შეტევის მთავარი სამიზნე ელექტროენერგეტიკა იყო.
ამასთანავე, ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა Telegram-ზე განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოდესაზე განხორციელებული შეტევის შესახებ. მისი თქმით, დაზიანებულია სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე საცხოვრებელი სახლები.




