რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის 30 მოქალაქე "შავ სიაში" შეიყვანა. მათ ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ. სიაში შეყვანილთა შორის არის მთავრობის 15 წევრი, მათ შორის - 12 მინისტრი.
რუსეთის საგარეო უწყების ვებ–საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აკრძალვა დაწესდა „ბრიტანული მხარის მტრულ ქმედებებზე პასუხად, მათ შორისაა სანქციები, უკრაინის მხარდაჭერა და მსოფლიოში რუსეთის იზოლაციის მცდელობები".
სიაში მოხვდენენ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა, მეწარმეობისა და ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის მინისტრები. გარდა ამისა, სიაში ფიგურირებენ პარლამენტის ორივე პალატის ლიდერები და ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერი, ისინი ასევე შედიან მთავრობის შემადგენლობაში.
აგრეთვე სიაში მოხვდა რამდენიმე ოფიციალური პირი, სამხედრო ტექნიკის მწარმოებლების დირექტორთა საბჭოს წევრები და გაზეთ Times-ის ჟურნალისტი ტომ ბოლი და Daily Mail-ის ჟურნალისტი დენ ვიდლანდი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, დიდი ბრიტანეთი მუდმივად უჭერდა მხარს კიევს, მათ შორის, უკრაინას უწევდა სამხედრო და ფინანსურ დახმარებას და ზღუდავდა რუსეთის ეკონომიკის შესაძლებლობებს. ნოემბრის ბოლოს ფრანგული გაზეთი Le Monde წერდა, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი განიხილავდნენ უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის შესაძლებლობას. ამის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.