რუსულმა ძალებმა უკრაინაზე ახალი მასირებული დარტყმა განახორციელეს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. კიევში რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა დარტყმები, დაიღუპა ორი ადამიანი, დაბომბვის ქვეშ ასევე მოჰყვა ობიექტები დნიპროში, ზაპოროჟიესა და კრემენჩუკში - იტყობინება ადგილობრივი ხელისუფლება.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, თავდასხმის გამო დედაქალაქის ობოლონის, შევჩენკოსა და პოდოლის რაიონებში დაზიანებებია. პირველ ორ შემთხვევაში საუბარია არასაცხოვრებელ შენობებზე, პოდოლის რაიონში კი სასაწყობო ფართები დაზიანდა.

მოგვიანებით კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ დარნიცის რაიონში - ღია ტერიტორიაზე და ავტოფარეხების კოოპერატივის მიმდებარედ ნამსხვრევების ჩამოცვენის შესახებ განაცხადა. იქ თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

დნიპროში რუსული თავდასხმა სამრეწველო საწარმოს შეეხო. დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ალექსანდრე განჟამ განაცხადა, რომ ინფორმაცია შესაძლო დაშავებულების შესახებ ზუსტდება, რეგიონისთვის კი საფრთხე კვლავ ნარჩუნდება.

ზაპოროჟიეში დარტყმის ქვეშ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტი მოექცა. ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაილ სემიკინმა გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის შესაძლო დროებითი შეზღუდვების შესახებ გააფრთხილა.

თავდასხმის კიდევ ერთი სამიზნე პოლტავის ოლქის ქალაქი კრემენჩუკი გახდა. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, რაკეტა საცხოვრებელ უბანს მოხვდა, რის შედეგადაც მრავალბინიანი სახლები დაზიანდა. დაიღუპა ორი ადამიანი, კიდევ შვიდმა კი დაზიანებები მიიღო. გარდა ამისა, დარტყმა განხორციელდა კრემენჩუკის რაიონის ერთ-ერთ საწარმოზე.

გამთენიისას რუსულმა ჯარებმა სარაკეტო დარტყმა მიაყენეს ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკისაც. დაფიქსირდა დარტყმა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე - განაცხადა ჩერნიგოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩაუსმა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რომ წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. კიდევ 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამი ბავშვი.