რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას „სმერჩის“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემებიდან ცეცხლი გაუხსნეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულია სამი ადამიანი, კიდევ ოთხი სამოქალაქო პირი დაშავებულია.
ქალაქში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, სავაჭრო დაწესებულებები და ელექტროგადამცემი ხაზები.
დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის ცნობით, რუსმა სამხედროებმა კონსტანტინოვკის მიმართულებით „სმერჩის“ სისტემებიდან რვა რაკეტა გაუშვეს და მათი სამიზნე ადგილობრივი ბაზარი იყო. ფილაშკინის განცხადებით, მოქალაქეებისთვის დონეცკის ოლქში დარჩენა საშიშია, რადგან რუსეთის ძალები თავდასხმებს მიზანმიმართულად ახორციელებენ იმგვარად, რომ მოკლან და დაასახიჩრონ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე. ის ადგილობრივებს დროული ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
კონსტანტინოვკა ფრონტისპირა დასახლებაა.
დღეს უკრიანის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალებმა გააძლიერეს ზეწოლა დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილზე, ლიმანის მიმართულებით. მან მოინახულა დონეცკის ოლქში განთავსებული უკრაინული სამხედრო დანაყოფები.
თარგმანი: პირველი არხი