რუსეთის სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა ახალი პაკეტი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ არის მიმართული და მათთვის რიგი სამოქალაქო, ფინანსური და ქონებრივი უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს.

კანონი უშვებს რუსეთში დარჩენილი უძრავი ქონებისა და აქტივების ჩამორთმევას იმ პირებისთვის, რომლებიც რუსეთის არმიის შესახებ "ყალბი ინფორმაციის" გავრცელებაში (ე.წ. ფეიკების კანონი), ან სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში არიან ბრალდებულნი.

იზღუდება დისტანციურად, მინდობილობის საფუძველზე ქონების განკარგვის (ყიდვა-გაყიდვის) შესაძლებლობა. ასევე, წესდება შეზღუდვები რუსული წყაროებიდან შემოსავლის მიღებასა და გარკვეული ტიპის ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებაზე.

ელექტრონული გაწვევის სისტემის ამოქმედების ფონზე, სამხედრო კომისარიატში გამოუცხადებლობა იწვევს ავტომატურ სანქციებს საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვისაც. ეს მოიცავს მართვის მოწმობის მოქმედების შეჩერებას, უძრავი ქონების რეგისტრაციის აკრძალვასა და საბანკო სერვისებზე წვდომის შეზღუდვას.

შეძენილი მოქალაქეობის მქონე პირებს მოქალაქეობის სტატუსი შეიძლება ჩამოერთვათ არმიის "დისკრედიტაციის" ან პოლიტიკურად მოტივირებული სხვა მუხლებით.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივები წარმოადგენს კამპანიის ნაწილს იმ ასობით ათასი რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებმაც ქვეყანა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისა და მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დატოვეს. რუსი კანონმდებლები არ მალავენ, რომ მიღებული კანონების მიზანია, ზეწოლა მოახდინოს პოლიტიკურ ემიგრანტებზე, ომის მოწინააღმდეგეებსა და მათზე, ვინც სამხედრო სამსახურს თავს არიდებს.