რუსული მედიის ცნობით, ოფიციალური წყაროები უკვე ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა კურსკის ოლქში შეჭრა და იქ პოზიციების დაკავება შეძლეს.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინული ძალების მიერ კურსკის ოლქში შეჭრა არა მხოლოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, არამედ მან დიდი პრობლემების წინაშე დააყენა რუსი სამხედროები.
თავდაპირველად რუსეთის ოფიციალური პირები უკრაინის მხრიდან რამდენიმე ათეული შეიარაღებული პირის მიერ საზღვრის გადაკვეთაზე და მათ მიერ ცალკეული სოფლების დაკავებაზე საუბრობდნენ, შემდეგ კი უკრაინის მხრიდან დაახლოებით ათასი სამხედრო პირის შეჭრა და მათ მიერ ბრძოლებში ქვეითთა საბრძოლო მანქანების, მათ შორის, გერმანული „მარდერის" გამოყენება აღნიშნეს და საზღვრიდან 10 კმ-ის დაშორებით მდებარე ქალაქ სუჯიდან მოსახლეობის ევაკუაციის დაწყება აღიარეს.
სუჯის მერის თქმით, ქალაქის დაბომბვა კვლავ გრძელდება, მობილური კავშირი თითქმის სრულად შეწყდა, მერიას კი უამრავი ადამიანი მიმართავს დახმარების თხოვნით. ძლიერი საარტილერიო ცეცხლი ძალიან ართულებს სუჯაში დამხმარეების შეყვანას და თითქმის შეუძლებელს ხდის მოსახლეობის ევაკუაციას.
პრესა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ კურსკის მიმართულებით მიმდინარეობს როგორც „ვაგნერის", ისე დონბასში მებრძოლი შენაერთების გადაყვანა. მაგალითად სახელდება დონბასში 2014 წლიდან სამხედრო ოპერაციებში ჩაბმული დანაყოფი „პიატნაშკა", რომელსაც ახრა ავიძბა ხელმძღვანელობს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ რუსულ პრესაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ კურსკში შეჭრილ უკრაინელთა ერთად იბრძვიან პოლონელები, ბალტიისპირელები და 120-მდე ქართველი „ქართული ლეგიონიდან".
დღეს დილით რუსეთმა დაადასტურა უკრაინული ძალების მიერ ლიპეცკის სამხედრო აეროდრომის დაბომბვა, თუმცა უარყო უკრაინის მხარის მტკიცება 19 სამხედრო თვითმფრინავის განადგურების შესახებ. რეგიონის გუბერნატორის თქმით, აეროდრომიდან თვითმფრინავები დროულად გაიყვანეს თვითმფრინავებით, დრონები გაანადგურეს და უშუალოდ აეროდრომს დიდი ზიანი არ განუცდია.
საზღვარგარეთული პრესა მიმოიხილავს რა უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკში შეჭრას, ცდილობს ახსნას თუ რა შეიძლება იყოს ამ ოპერაციის მიზანი და ერთ-ერთ ძირითად ვერსიად ასახელებს შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის პოზიციის გაუმჯობესებას დროს. ცხადია, არ გამორიცხავენ, რომ ამგვარად უკრაინა შეიძლება ცდილობდეს რუსეთის იძულებას მოხსნას გარკვეული ძალების სამხრეთის ფრონტიდან, სადაც ბოლო პერიოდში რთული ვითარება შეიქმნა.
ამერიკული სააგენტო Bloomberg მკითხველს შეახსენებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოხდა რუსეთში სხვა ქვეყნის არმიის შეჭრა.