რუმინეთი მზადაა, თავის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების განთავსების დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღოს და აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაზრდის იმედი აქვს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

დანის თქმით, ბუქარესტმა ვაშინგტონს ამერიკული კონტინგენტის შენახვის ხარჯების განაწილების გეგმა უკვე წარუდგინა. როგორც Financial Times წერს, ეს ინიციატივა ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის შესაძლო შემცირების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებების ფონზე გაჩნდა.

"ჩვენ გვსურს მეტი ამერიკული ჯარი და მეტი დამრტყმელი შესაძლებლობები", - ხაზგასმით აღნიშნა დანმა ინტერვიუში. ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად რუმინეთში 1172 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული, მაშინ, როცა ადრე მათი რაოდენობა დაახლოებით 1700 ადამიანს შეადგენდა.

ვარშავამ მანამდე გამოთქვა წინადადება, დაეფინანსებინა თავის ტერიტორიაზე მუდმივი ამერიკული ბაზის, Fort Trump-ის შექმნა და იქ განთავსებული თითოეული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურისთვის წელიწადში 15 ათასი დოლარი გადაეხადა.

Financial Times-ის ინფორმაციით, ნიკუშორ დანმა თავისი იდეა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ელბრიჯ კოლბისთან განიხილა, რომელიც ახლახან NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად პოლონეთსა და რუმინეთს ეწვია. კოლბი მანამდე ევროპაში აშშ-ის უფრო შეზღუდული სამხედრო ყოფნის მომხრე იყო.

Financial Times წერს, რომ რუმინეთის ხელისუფლება ფინანსური მონაწილეობის იმ მოცულობას განიხილავს, რომელიც პოლონეთის წინადადების ეკვივალენტური იქნება. ამასთან, კონკრეტულ თანხებს ბუქარესტი ჯერჯერობით არ ასახელებს.