ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF) 2025 წლის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სია გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მონაცემები ხუთი კატეგორიის მიხედვით არის დაყოფილი: პოლიტიკური, უსაფრთხოების, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური კატეგორიებით.
„ისინი კლავენ, აცენზურებენ, აპატიმრებენ და თავს ესხმიან ჟურნალისტებს, ახშობენ საინფორმაციო საშუალებებს, ამცირებენ ჟურნალისტიკას ან მის კანონებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის ინფორმაციით მანიპულირებისთვის იყენებენ. 2025 წელს, კიდევ ერთხელ მედია პროფესიონალები სულ უფრო მრავალფეროვანი მტაცებლური ტექნიკის სამიზნე გახდნენ“, – აღნიშნულია ორგანიზაციის შეფასებაში.
ორგანიზაციის შეფასების მიხედვით, სია მოიცავს „მათ, ვინც მედიას წლების განმავლობაში დევნიან“.
„მათ შორის არიან ისინი, ვინც წლების განმავლობაში დაუნდობლად დევნიან მედიას – ჩინეთის კომუნისტური პარტია სი ძინპინის ხელმძღვანელობით, საუდის არაბეთის მოჰამედ ბინ სალმანი, ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო. ყველა მათგანმა 2025 წელს კვლავაც გამოიჩინა თავი ჟურნალისტების შეუზღუდავი დევნით“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის შეფასებაში.
სიაში შეყვანილია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობის პერიოდში თითქმის 220 ჟურნალისტის სიკვდილზე პასუხისმგებელი ისრაელის თავდაცვის ძალები, აშშ-ის ფედერალური საკომუნიკაციო კომისიის ხელმძღვანელი ბრენდან კარი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
„ვინაიდან ისინი ახშობენ მედიას ან მას უკანონო სასამართლო ზეწოლის ობიექტად აქცევენ, აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი ბრენდან კარი, კამბოჯის პროკურორის მოადგილე სენგ ჰეანგი და ქართველი მილიარდერი ოლიგარქი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 2025 წლის მტაცებელთა სიაში შედიან“, – წერია ორგანიზაციის შეფასებაში.
ბიძინა ივანიშვილთან ერთად, 2025 წლის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაში“ შეყვანილი არიან „თალიბანის“ სულიერი წინამძღოლი ჰაიბატულა ახუნძადა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სომხური წარმოშობის რუსი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი, ნიკარაგუის პრეზიდენტი დანიელ ორტეგა, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ისრაელის თავდაცვის ძალები, ჩინეთის კომუნისტური პარტია, ბურკინა-ფასოს სამხედრო ხუნტა, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი და სხვები.
თარგმანი "საზოგადოებრივი მაუწყებელი"




