გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი აცხადებს, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა ინდივიდუალური სანქციები უნდა განიხილოს. ამის შესახებ მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ევროპელ კოლეგებთან ერთად გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ერთადერთი შანსი, აღდგეს ნდობა ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებით, საერთაშორისო გამოძიებაა. 

"მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ ტუსკის და კანცლერ შოლცის მოწოდებას, რომ მოხდეს გამოძიება ამ სერიოზული განაცხადებისა. ევროპული საბჭო, ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა ჩაერიონ ამაში. სანამ ნათელი არ მოეფინება ამ არჩევნებს, ევროკავშირი ვერ აღიარებს მას, როგორც ლეგიტიმურს. თუ ეს განცხადებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს მათ მიმართ, ვინც პასუხს აგებს მანიპულაციასა და ამომრჩეველთა დაშინებაზე",- თქვა გერმანელმა პოლიტიკოსმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ "ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულობას და ანგარიშვალდებულებას, პასუხი უნდა აგოს:

"ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, ასევე უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც ყველაზე დიდი მიღწევაა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენთვისაც, მაგრამ ეს გახლავთ სერიოზული სიტუაცია და ჩვენ ყველა დოკუმენტი უნდა დავდოთ მაგიდაზე, რომელიც გაგვაჩნია. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდზე",- დასძინა მან.

მან ხაზი გაუსვა, რომ თუ გაგრძელდება ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა, საქართველო ვერ მიაღწევს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

"საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა შეუსაბამოა ევროკავშირის წევრობასთან".

ცნობისთვის, თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობს. კერძოდ, საქართველოში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ.