"როსკომნადზორმა" მსხვილი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები, Apple და Microsoft, ინფორმაციის გავრცელების ორგანიზატორთა რეესტრში შეიყვანა, რაც მათ ავალდებულებს, შეინახონ მომხმარებელთა მონაცემები რუსეთის ტერიტორიაზე და სპეცსამსახურებს მოთხოვნისთანავე მიაწოდონ.

ჯერჯერობით უცნობია, მოხდა თუ არა ეს ნებაყოფლობით, - აღნიშნავს გამოცემა და მიუთითებს, რომ "როსკომნადზორს" კომპანიების რეესტრში იძულებით შეყვანის უფლებამოსილებაც აქვს. სწორედ ეს მოხდა 2025 წელს ქსელური უსაფრთხოებისა და კონტენტის მიწოდების საშუალებების მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მომწოდებელ კომპანია Cloudflare-ის შემთხვევაში. Apple-სა და Microsoft-ს რეესტრში შეყვანასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

სააგენტო "ინტერფაქსი" წერს, რომ კიდევ ერთი IT-გიგანტი, Google, თავისი აუდიო და ვიდეოზარებისა და ონლაინ-კონფერენციების სერვისით Google Meet, ინფორმაციის გავრცელების ორგანიზატორთა რეესტრში 2026 წლის 26 იანვარს შეიყვანეს. 2024 წლის ბოლოს "როსკომნადზორმა" ამავე ჩამონათვალში, მათ შორის, WhatsApp და Skype შეიტანა.

რუსული კანონმდებლობის თანახმად, ინფორმაციის გავრცელების ორგანიზატორებად მიჩნეული კომპანიები ვალდებულნი არიან, სამი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეინახონ ცნობები მომხმარებლებისა და მათი მიმოწერის შესახებ, ხოლო ექვსი თვის განმავლობაში - შეტყობინებების, აუდიო და ვიდეოზარების შინაარსი.