რომის პაპმა, ლეო XIV-მ ახლო აღმოსავლეთში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში არსებული კონფლიქტების ფონზე, ქვეყნებს დიალოგისა და დიპლომატიისკენ მოუწოდა.
„სამწუხაროდ, ომის ქარები კვლავ უბერავს ახლო აღმოსავლეთში, უკრაინასა და მსოფლიოს მრავალ სხვა რეგიონში. ისინი ძალადობას, ტერორსა და სიკვდილს თესავენ და კვლავ უამრავ უდანაშაულო ადამიანს სწირავენ. ნუ მივცემთ ამ ქარებს იმის საშუალებას, რომ ჩააქრონ იმედისა და მშვიდობის ალი, მაშინაც კი, როცა ის მყიფე და მერყევი ჩანს. კვლავ გამოვთქვამ იმედს, რომ დიალოგის, ურთიერთგაგებისა და დიპლომატიის გზას ერთგულად გაჰყვებიან. ეს ერთადერთი გზაა, რომელსაც შეუძლია, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობამდე მიგვიყვანოს, სადაც ხალხები ურთიერთუსაფრთხოების პირობებში და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით იცხოვრებენ“, – განაცხადა პაპმა.
რომის პაპის მოწოდება იმ ფონზე გაჟღერდა, როცა ახლო აღმოსავლეთში აშშ-სა და ირანს შორის საჰაერო იერიშები განახლდა, ხოლო უკრაინაში რუსეთმა კიევზე თავდასხმები გააძლიერა. ივლისში კიევსა და მის შემოგარენში განხორციელებულ დარტყმებს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საპასუხოდ, უკრაინამ რუსეთის სამხედრო ლოგისტიკაზე დარტყმები გააძლიერა.









