აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 19 ნოემბერს ბერლინში ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ისინი უკრაინელ ოფიციალურ პირებსა და ევროპელ მომლაპარაკებელთა ჯგუფს შეხვდებიან. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ „მსურველთა კოალიციის“ სამიტში.

შეხვედრის დაწყებამდე გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უიტკოფსა და კუშნერს მიიღებს. მოგვიანებით ის მოლაპარაკებებს გამართავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

ამასთან, დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელშიც კუშნერი და უიტკოფი, მერცთან, მაკრონთან, ბერნემთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, კუშნერისა და უიტკოფის შეხვედრების მთავარი საკითხები იქნება უკრაინისთვის ომის შემდგომი სანდო უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება, ეკონომიკური აღდგენის კომპლექსური გეგმის წინ წაწევა და მრავალმხრივი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის მომზადება.

გერმანული მხარის ინფორმაციით, სამიტის დღის წესრიგში იქნება დიპლომატიური ძალისხმევის შეჯერება, უკრაინისთვის ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება და ქვეყნის მხარდაჭერის საკითხები.