სირიის ახალმა მთავრობამ ბიზნესის ლიდერებს განუცხადა, რომ ისინი თავისუფალი ვაჭრობის მოდელს მიიღებენ და ქვეყნის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციაზე იზრუნებენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ეს იქნება თავისუფალ ბაზარზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც კონკურენციას ეყრდნობა“, – განუცხადა „როიტერს“ დამასკოს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, ბასელ ჰამვიმ ინტერვიუში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის აჯანყებული ძალების მიერ დამხობიდან სამი დღის შემდეგ.
როგორც „როიტერი“ წერს, სირიელმა ბიზნესმენებმა, რომლებიც სირიელების მსგავსად ცდილობენ, გაარკვიონ თუ როგორი იქნება ქვეყნის ახალი მმართველობა, მიიღეს მინიშნებები, რომ ეკონომიკა ღია იქნება ინვესტიციებისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სირიის აღდგენისთვის.
„ხალხი ჯერ კიდევ ელოდება, რომ ნახოს, იქნება ეს ღია საზოგადოება თუ ისლამური სახელმწიფო“, – განაცხადა ბეირუთში მოღვაწე სირიელმა ბიზნესმენმა ანონიმურობის დაცვით.
შეგახსენებთ, რომ სირიას დიდი ხნის განმავლობაში მკაცრი კონტროლი ჰქონდა დაწესებული ექსპორტსა და იმპორტზე, ასევე როგორც „როიტერი“ წერს, ქვეყანა რთულ სავაჭრო სისტემას იყენებდა, რაც გულისხმობს იმას, რომ საჭირო იყო იმპორტის ნებართვების მიღება და შემდეგ სირიულ ფუნტებში თანხის ცენტრალურ ბანკში განთავსება დოლარების სანაცვლოდ. თანხები ხშირად მხოლოდ რამდენიმე დღის ან კვირების შემდეგ ისახებოდა, რაც იწვევდა შეფერხებებს და ხელს უწყობდა პირველადი მოხმარების საქონლის დეფიციტს. უცხოური ვალუტით დამოუკიდებლად ვაჭრობის გამო კი, შესაძლო იყო ადამიანი ციხეში ჩაესვათ.