მოსკოვი თანახმაა, ევროპაში დაბლოკილი მისი აქტივები უკრაინის აღსადგენად იყოს გამოყენებული. ამასთან, რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ ამ ფულის ნაწილი მის მიერ დაკავებული უკრაინის რაიონების აღდგენას მოხმარდეს.

 ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ანონიმური წყაროების ცნობით, რუსეთმა შესაძლოა, თანხმობა განაცხადოს ევროპაში გაყინული მისი 300 მილიარდი დოლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრების უკრაინის აღსადგენად გამოყენებაზე, მაგრამ დაჟინებით მოითხოვს, რომ ამ თანხის ნაწილი დაიხარჯოს უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსეთის ჯარი აკონტროლებს.

„როიტერის“ წყაროების თქმით, რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში შესაძლოა დათანხმდეს, რომ ევროპაში გაყინული მისი სახსრების ორი მესამედი უკრაინის აღდგენას მოხმარდეს. წყაროებმა ხაზი გაუსვეს, რომ ამ შესაძლებლობის განხილვისას მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რომელი კომპანიები მიიღებენ სარეაბილიტაციო სამუშაოების შეკვეთებს.

კიდევ ერთმა წყარომ განაცხადა, რომ რუსეთი კვლავაც აპირებს მისი გაყინულ აქტივებზე ბლოკის მოხსნის მიღწევას სანქციების შემსუბუქების ფარგლებში.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა აკრძალეს ფინანსური ოპერაციები რუსეთის ცენტრალურ ბანკთან და რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროსთან. შედეგად, გაყინულია რუსული სახელმწიფო აქტივები, რომელთა ღირებულებაც 300-დან 350 მილიარდ დოლარამდე აღწევს.

მედიის ცნობით, ერთი წლის წინ მსოფლიო ბანკმა უკრაინის აღდგენის ხარჯები 486 მილიარდ დოლარად შეაფასა.

დასავლეთს ამ ეტაპზე მხოლოდ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენების გადაწყვეტილება აქვს მიღებული უკრაინის დასახმარებლად, მაგრამ თავად აქტივები იურიდიული დაბრკოლებების გამო ხელუხლებელი რჩება.

რუსეთი თავის სავალუტო რეზერვებს 627 მილიარდ დოლარად აფასებს, გაყინული სახსრების ჩათვლით. რუსეთის ცენტრალური ბანკის ძირითადი ობლიგაციები ჩინეთის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრიისა და კანადის სახელმწიფო სესხებში იყო დაბანდებული. რუსული ოქროს რეზერვები ქვეყნის შიგნით ინახება.

თარგმანი: პირველი არხი