ბელარუსმა 52 პატიმარი გაათავისუფლა, სანაცვლოდ, აშშ-მა ბელარუსის ავიაკომპანია „ბელავიას“ სანქციები მოუხსნა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ბელარუსმა 52 პატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე. მათგან ექვსი ლიეტუვის მოქალაქეა, ორ-ორი – ლატვიის, პოლონეთისა და გერმანიის; ასევე, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის თითო-თითო მოქალაქე. ისინი ლიეტუვაში აშშ-ის დელეგაციასთან ერთად გაემგზავრნენ.

როგორც „როიტერი“ წერს, ლუკაშენკოს ამ ჟესტის სანაცვლოდ, ვაშინგტონმა სანქციები მოუხსნა ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანია „ბელავიას“, რაც მას საშუალებას მისცემს, მოემსახუროს და იყიდოს კომპონენტები თავისი თვითმფრინავებისთვის, მათ შორის ბოინგებისთვის.

„მინდა, ოფიციალურად განვაცხადო, რომ ჩვენ „ბელავიას“ სანქციები მოვუხსენით. შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან, რომელსაც ასევე რამდენიმე ათეული ადამიანი დაესწრო. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო და თქვა: „დაუყოვნებლივ გააკეთეთ ეს“,- განაცხადა ჯონ კოულმა, რომელიც მინსკში აშშ-ს დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

კოულმა ლუკაშენკოს დონალდ ტრამპის მიერ გაგზავნილი წერილი გადასცა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა წერილის ბოლოს უბრალოდ „დონალდი“ დაწერა, რაც, კოულის თქმით, მეგობრობის აღმნიშვნელი იშვიათი აქტია.

ამასთან, კოულის თქმით, აშშ-ს სურს, მინსკში საელჩოს ხელახლა გახსნა და ბელარუსთან ურთიერთობების ნორმალიზება. კოულმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს ყველა პატიმრის გათავისუფლების იმედი აქვს. მისივე თქმით, ლუკაშენკო ცვლილებას ეძებს. როგორც მედია წერს, ეს იყო ყველაზე დიდი პატიმართა ჯგუფი, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტმა შეიწყალა.

თარგმანი: პირველი არხი