თურქეთსა და სირიაში მომხდარი შემზარავი კატასტროფის შემდეგ ბევრ ჩვენგანს გაუჩნდა კითხვა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს. გარეთ გაქცევა სჯობს, თუ სახლში დარჩენა? რამდენად უსაფრთხოა კიბეებით ან ლიფტით სარგებლობა? სახლის რა ნაწილში ვიქნებით ყველაზე დაცულად?
თუ შენობაში იმყოფებით:
პირველ რიგში, დარჩით სადაც ხართ, რადგან ოთახებში სირბილი კარგს არაფერს მოგიტანთ. აუცილებლად მოერიდეთ ფანჯრებს, კარებს, ბუხარსა და გარეთა კედლებს, რადგან ხშირად ისინი ინგრევა, შიდა კონსტრუქცია კი ნარჩუნდება. მოშორდით კარადებს და სხვა მძიმე ავეჯს, რომელიც შესაძლოა, დაგეცეთ და დაგასახიჩროთ. ნუ დადგებით ჭაღის ქვეშ, რადგან მისი ჩამოვარდნის შემთხვევაში საფრთხე გემუქრებათ.
ალბათ, გსმენიათ, რომ მიწისძვრის დროს საყრდენ კედელთან უნდა დადგეთ, რადგან მის მიმდებარედ ყოფნა უფრო უსაფრთხოა, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე დაცულად მაგიდის ქვეშ იქნებით. ასეთ სიტუაციაში დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სწრაფად უნდა იმოქმედოთ.
სასურველია, თავი და კისერი ხელებით დაიფაროთ, რათა მოსალოდნელი ზიანი აიცილოთ. თუ მაგიდის დაბლა მთლიანი ტანით შეძრომას ვერ მოასწრებთ, ეცადეთ, მას სხეულის ზედა ნაწილი მაინც შეაფაროთ და რყევების დასრულებამდე მოეჭიდოთ.
მიწისძვრის დროს საწოლში ყოფნის შემთხვევაში თავის ზემოდან ბალიში ან რაიმე უფრო მყარი ნივთი მოაქციეთ, რასაც თქვენს მახლობლად დაინახავთ. ხელებსა და ფეხებზე დაყრდნობა დაგეხმარებათ, რომ საჭიროების მიხედვით ხოხვით მარტივად გადაადგილდეთ და არ წაიქცეთ. გახსოვდეთ, რომ ამგვარი კატასტროფისას დაზიანებების უმეტესობა ჩამოცვენილი ობიექტების მოხვედრით არის გამოწვეული, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ.
თუ გარეთ იმყოფებით:
მიწისძვრის დროს გარეთ ყოფნა უდიდესი პრივილეგიაა, რომელიც სწორად უნდა გამოიყენოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ ნაგებობაში, პირიქით, მას შეძლებისდაგვარად მოშორდით და ისეთ ადგილზე გადაინაცვლეთ, სადაც შედარებით ნაკლები შენობაა. ამგვარად ნანგრევებში მოყოლის რისკს აირიდებთ თავიდან.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საფრთხეს მხოლოდ კოლაფსირებული კედლები არ ქმნის, არამედ უნდა მოერიდოთ ელექტროსადენებს, გაზის მილებს, ხეებს, ფანჯრებსა და ისეთ კონსტრუქციულ დეტალებს, რომლებიც არამყარია.
თუ მიწისძვრის დროს ავტომობილით გადაადგილდებით, დაუყოვნებლივ გაჩერდით ისეთ ადგილზე, სადაც ელექტროსადენები ან შენობები არაა. არ გაჩერდეთ ხიდის ან ხის ქვეშ. გამოიყენეთ ხელის მუხრუჭი, რათა მანქანა რყევის დროს მოულოდნელად არ დაიძრას. საფრთხის ჩავლამდე იქიდან ნუ გადმოხვალთ.
მიწისძვრის დროს:
არ გამოიყენოთ კიბეები და ლიფტი, არ შეისუნთქოთ მტვერი. თვალებზე, ცხვირსა და პირზე ხელი ან ტანსაცმელი აიფარეთ, არ გამოიყენოთ სანთებელა, ასანთი და ელექტრო მოწყობილობები, რადგან შესაძლოა, რყევის დროს გაზმა გაჟონოს და ხანძარი გაჩნდეს, არ ჩავარდეთ პანიკაში, არ გადატვირთოთ სატელეფონო ხაზები
მიწისძვრის შემდეგ:
არ შეხვიდეთ შენობაში, რადგან შესაძლოა, განმეორებითი მიწისძვრების გამო შენობა ჩამოინგრეს. რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედეთ, დაელოდეთ ოფიციალურ ინფორმაციას მომყოლი ბიძგების შესახებ. არ გაჩერდეთ სახლში, თუ კედლებიდან უცნაური ხმები ისმის. ეს შესაძლოა, მიანიშნებდეს, რომ მალე ის დაინგრევა. გადაკეტეთ გაზი, მით უმეტეს, თუ მის სუნს გრძნობთ, არც ამ შემთხვევაში გამოიყენოთ სანთებელა ან ასანთი, მათი შედარებით უსაფრთხო ალტერნატივა ფანარია