გერმანიის უმსხვილესმა იარაღის მწარმოებელმა კომპანია Rheinmetall-მა, შესაძლოა, უარი თქვას უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის პროექტზე. ამის შესახებ კონცერნის გენერალურმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა ჰამბურგში, ინვესტორებისა და ანალიტიკოსებისთვის გამართული ღონისძიების — Capital Markets Day 2026-ის ფარგლებში განაცხადა.

ანალიტიკურ ფინანსურ პორტალ Stock Analysis-ზე გამოქვეყნებული ინვესტორებისთვის განახლებული სტრატეგიის პრეზენტაციის სტენოგრამის თანახმად, ამ გადაწყვეტილების მიზეზად მან ერთობლივ პროექტში პროგრესის არარსებობა დაასახელა, ვინაიდან უკრაინული მხარე საკუთარ წარმოებას ზრდის. "ჩვენი ქარხანა, რომელსაც უკრაინაში 250 000 ჭურვზე ვგეგმავდით — ვფიქრობ, მას აღარ გავაგრძელებთ, რადგან უკრაინის მხრიდან პროგრესი არ არის: მათ სურთ, ეს თავად გააკეთონ", — აღნიშნა პაპერგერმა საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის ანალიტიკოსის, სემ ბერჯესის კითხვაზე პასუხისას.

Rheinmetall-ის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინულ მხარეს, სავარაუდოდ, პრესებსა და სხვა აღჭურვილობას მიაწვდიან.

ამასთან, პაპერგერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Rheinmetall-ის ბიზნესზე უკრაინული მიმართულების გავლენა მცირეა, რადგან საბრძოლო მოქმედებების დროს, ყოველწლიურად დახარჯული 1-1,3 მილიონი საბრძოლო მასალიდან, სულ მცირე, ნახევარს უკრაინა დამოუკიდებლად აწარმოებს.

უკრაინაში 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების მწარმოებელი ახალი ქარხნის მშენებლობის გეგმების შესახებ არმინ პაპერგერმა ჯერ კიდევ 2024 წლის მარტში განაცხადა. 2025 წლის შემოდგომაზე უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქარხნისთვის ქვეყნის ერთ-ერთ შედარებით უსაფრთხო რეგიონში ნაკვეთი გამოიყო, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საწარმოს გაშვება სამშენებლო მოედნის გადატანის გამო გადაიდო.

ეს ქარხანა უკრაინაში Rheinmetall-ის პირველი ერთობლივი საწარმო არ უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთი მათგანი 2024 წლის ივნისიდან საბრძოლო მანქანების შეკეთებითა და მომსახურებითაა დაკავებული. ასევე არსებობდა ქვეითთა საბრძოლო მანქანა Lynx-ისა და საზენიტო სისტემების გამოსაშვები ქარხნების შექმნის გეგმებიც, თუმცა მათი განხორციელების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.