უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა ინტენსიურმა დრონ-შეტევებმა რუსეთის საწვავის ბაზარზე მწვავე კრიზისი გამოიწვია. Reuters-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყანაში ბენზინის წარმოება ამჟამად შიდა მოთხოვნის მხოლოდ 65%-ს ფარავს.
ექსპერტების შეფასებით, რუსეთს ყოველდღიურად 40 000–დან 45 000 ტონამდე ბენზინი აკლია, რაც ზაფხულის პიკური მოთხოვნის დაახლოებით 35%-ია. შექმნილი ვითარება დაკავშირებულია ქვეყნის რამდენიმე უმსხვილესი საწარმოს, მათ შორის "ნორსისა" და ომსკის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების მუშაობის შეჩერებასთან.
რუსეთის ხელისუფლება დეფიციტის დასაბალანსებლად საგანგებო ზომებს მიმართავს:
ქვეყანამ დაიწყო საწვავის შესყიდვა ბელარუსიდან და ინდოეთიდან.
განიხილება საწვავის, მათ შორის დიზელისა და რეაქტიული საწვავის ექსპორტის სრული აკრძალვა.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა საჯაროდ აღიარა, რომ ბაზარზე არსებული მდგომარეობა რთულია და მომხმარებლებში შეშფოთებას იწვევს. ინდუსტრიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ თუ ახალი თავდასხმები არ მოხდება, ვითარება ივლისის მეორე ნახევარში ნაწილობრივ გამოსწორდება, თუმცა, ამ დროისთვის, რუსეთის საწვავის სექტორი რეკორდულად დაბალ მაჩვენებლებზეა.




