რუსეთის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინი ღიაა დონალდ ტრამპთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახილველად, მაგრამ გამორიცხავს დეოკუპაციას და დაჟინებით მოითხოვს, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოზე. ამის შესახებ Reuters ხუთ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ხუთმა ამჟამინდელმა და ყოფილმა რუსმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ კრემლი შეიძლება დაეთანხმოს კონფლიქტის ფრონტის ხაზზე გაყინვას.

სამი წყაროს თანახმად, რომლებსაც ანონიმურად დარჩენა სურდათ, არსებობს მოლაპარაკებების სივრცე ოთხი რეგიონის - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის განაწილების შესახებ. მოსკოვი აცხადებს, რომ ეს ოთხი რეგიონი რუსეთის ნაწილია.

ამავდროულად, ორმა რუსმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ისინი შესაძლოა მზად იყვნენ ჯარების გაყვანისთვის ხარკოვისა და მიკოლაივის რეგიონების შედარებით მცირე ტერიტორიებიდან.

ორმა წყარომ თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებამ ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის სიღრმეში სამიზნეების დაბომბვის დაშვების შესახებ, შეიძლება გაართულოს და გადადოს ნებისმიერი შეთანხმების მიღწევა.

ორივე წყაროს თქმით, თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა, რუსეთი გააგრძელებს ბრძოლას.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ "პუტინმა უკვე თქვა, რომ კონფლიქტის გაყინვის გზა არ არსებობს და სარაკეტო დარტყმის დაშვება არის ძალიან საშიში ესკალაცია შეერთებული შტატების მხრიდან."