რუსეთის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ 2026 წლის ბოლოსთვის რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა, შესაძლოა, ოფიციალურ სამიზნეს თითქმის სამჯერ გადააჭარბოს. ამის მიზეზად წყარო ინდოეთის მიერ ნავთობის შესყიდვების შემცირებასა და ნავთობის ვაჭრობიდან შემცირებულ შემოსავლებს ასახელებს, მაშინ როცა ხარჯები მოსალოდნელზე მაღალი შეიძლება აღმოჩნდეს.

წყარომ გამოცემას მთავრობასთან დაკავშირებული ანალიტიკური ცენტრის ეკონომისტების გამოთვლები გაუზიარა, რომელთა საჯარო გამოქვეყნებაც დაგეგმილი არ არის.

გამოთვლების მიხედვით, 2026 წელს ენერგეტიკული შემოსავლები შესაძლოა მთავრობის გეგმასთან შედარებით 18%-ით შემცირდეს, რაც ბიუჯეტის დეფიციტს მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-დან 4.4%-მდე აიყვანს, მაშინ როცა დაგეგმილი მაჩვენებელი 1.6% იყო. ანგარიში ასევე 4.1%-დან 8.4%-მდე ხარჯების ზრდასაც ითვალისწინებს.

ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტის საერთო შემოსავლები 6%-ით შემცირდება და 37.9 ტრილიონ რუბლს შეადგენს.

Reuters აღნიშნავს, რომ რუსეთს 4.1 ტრილიონი რუბლის ფისკალური რეზერვები აქვს, რომელთა გამოყენებაც მთავრობას დეფიციტის დასაფარად შეუძლია, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, შემოსავლების კლების მიმდინარე ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში ეს რეზერვები ერთ წელიწადში თითქმის მთლიანად ამოიწურება.

წყაროს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მზარდი დეფიციტი და შემცირებული რეზერვები ეკონომიკურ კოლაფსს არ გამოიწვევს, რუსეთის ფინანსური უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებელი გახდება.

"ეს კატასტროფა არ არის. ამის დაფინანსება რეალურად შესაძლებელია, მაგრამ არა ასეთი საპროცენტო განაკვეთების დროს" - თქვა წყარომ და დაამატა, რომ ფინანსთა სამინისტრო, სავარაუდოდ, ხარჯების შემცირებას შესთავაზებს, რაც ეკონომიკური შენელების პერიოდში არასწორი ნაბიჯი იქნება.