Reuters-ის მონაცემებით, რუსეთის ხელისუფლება ბუნებრივი გაზის მოპოვებისა და ექსპორტის პროგნოზებს აუარესებს იმის ფონზე, რომ ევროპა შესყიდვების სრულად შეწყვეტისთვის ემზადება. რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ელის, რომ მიმდინარე წელს ქვეყანა იმაზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს მოიპოვებს და გაიტანს ექსპორტზე, ვიდრე მანამდე პროგნოზირებდნენ, წერენ ჟურნალისტები ხელთ არსებულ მთავრობის დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს რუსეთში ბუნებრივი გაზის მოპოვება 683,1 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ეს 5,3 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია მაისის პროგნოზის შესაბამის მაჩვენებელზე. მიუხედავად ამისა, იგი აღემატება 2025 წლის გაზის მოპოვების მაჩვენებელს, რომელმაც 662,7 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ რუსეთიდან საზღვაო გზით თხევადი ბუნებრივი გაზის ექსპორტი 2026 წელს 35 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ეს მაჩვენებელი 5,3 მილიონი ტონით ნაკლებია მაისში მოსალოდნელ დონეზე. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ უახლოეს წლებში გაიზრდება თხევადი ბუნებრივი გაზის ექსპორტი, თუმცა უფრო ნელა, ვიდრე გაზაფხულის ბოლოს პროგნოზირებდნენ.
სექტემბრის დასაწყისში Reuters იუწყებოდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთმა ასევე შეამცირა 2026 წლის ნავთობის მოპოვების პროგნოზი ბოლო 17 წლის მინიმუმამდე და გადასინჯა მიმდინარე და მომდევნო წლების საწვავის ექსპორტის პროგნოზები. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ეს პროგნოზები გამოყენებული იქნება ფედერალური ბიუჯეტის კორექტირებისთვის 2029 წლამდე პერიოდისთვის.
Reuters-ის გაანგარიშებით, 2025 წელს ევროპაში რუსული გაზის ექსპორტი 44%-ით დაეცა და მხოლოდ 18 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა — ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1970-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ. ევროპაში რუსული მილსადენის გაზის ექსპორტმა პიკს 2018–2019 წლებში მიაღწია. იმ პერიოდში იგი წელიწადში დაახლოებით 180 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა.




