ევროკავშირმა განვითარებადი ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთი მათ იაფ მარცვლეულს ახალი დამოკიდებულების შესაქმნელად სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

როგორც Reuters იუწყება, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ორშაბათს წერილობით მიმართა განვითარებად და G20-ის ქვეყნებს და მოუწოდა მათ, ისაუბრონ მკაფიო და ერთიანი ხმით, რათა მოსკოვს უბიძგონ, დაბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში.

"როდესაც მსოფლიო შეფერხებული მიწოდებისა და მაღალი ფასების წინაშე დგას, რუსეთი ახლა მიმართავს დაუცველ ქვეყნებს შეღავათიან ფასებში მარცვლეულის გადაზიდვის ორმხრივი შეთავაზებებით და თითქოს თავად მოაგვარებს პრობლემას", - განაცხადა ბორელმა.

"ეს ახალი დამოკიდებულების შესაქმნელად საკვების მიზანმიმართულად იარაღად გამოყენების ცინიკური პოლიტიკაა, რაც ეკონომიკურ დაუცველობასა და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ამწვავებს", - დასძინა მან.