ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა გააფართოოს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის არსებული ყველა მარშრუტი. მარცვლეულის ტრანსპორტირების ნებისმიერი შეზღუდვა მიუღებელია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

კულებას განცხადებით, ამჟამინდელ პირობებში აუცილებელია, რომ ყველა კარი გაიღოს და არა ზოგიერთი მათგანი დაიხუროს.

"რუსეთი ანადგურებს "მარცვლეულის ინიციატივას", თავს ესხმის უკრაინის პორტებს და ცდილობს სურსათზე ფასების ზრდის ხარჯზე ფული გამოიმუშაოს", - აღნიშნა კულებამ. მისივე თქმით, უკრაინამ და ევროკავშირმა ყველა ძალისხმევა უნდა მიმართონ უკრაინიდან სურსათის ექსპორტის გასამარტივებლად, კერძოდ, მაქსიმალურად გაზარდონ ალტერნატიული სატრანსოპორტო დერეფნების "სოლიდარობის გზის" გამტარუნარიანობა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ყველა ალტერნატიული გზა ახლა მთელი სიმძლავრით უნდა ამუშავდეს და გაფართოვდეს, ნებისმიერი შეზღუდვის შესახებ განცხადებები კი მიუღებელია.

მან გააჟღერა უკრაინის კონკრეტული წინადადებები სატრანსპორტო დერეფნების გამტარუნარიანობის გაზრდისთვის, კერძოდ, ევროკავშირს მოუწოდა დუნაის კლასტერის, ასევე ადრიატიკისა და ბალტიის სატრანსპორტო დერეფნების ერთობლივი განვითარებისაკენ.