სპარსეთის ყურის რეგიონში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ობიექტებზე ირანული დრონებით განხორციელებულმა თავდასხმებმა აშშ-ის სადაზვერვო ანალიტიკოსები აიძულა გამოეძიათ, დაეხმარა თუ არა რუსეთი ირანს სამიზნეების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებით ან უპილოტო საფრენი აპარატების მოწინავე ტექნოლოგიებით. ამის შესახებ Reuters წერს.
ამ საკითხზე ინფორმირებულმა ოთხმა წყარომ განაცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვას ჯერ საბოლოო დასკვნები არ გამოუტანია CIA-ს ობიექტებზე თავდასხმებში რუსეთის უშუალო მონაწილეობის შესახებ. თუმცა, დარტყმების მაღალი სიზუსტე, ეფექტიანობა და მოსკოვის მხრიდან თეირანისადმი გაწეული ფართო ტექნიკური მხარდაჭერა შესაძლო მტკიცებულებებად განიხილება.
მარტში დაარტყეს CIA-ს, სულ მცირე, ორ ობიექტს:
ერ-რიადში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე განთავსებულ CIA-ს ოფიციალურ სადგურს/რეზიდენტურას;
აღმოსავლეთ ერაყში მდებარე ცალკეულ ობიექტს.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, ირანი რეგიონში CIA-ს სხვა ობიექტებსაც დაესხა თავს. რიადის საელჩოს შემთხვევისას, ერთმა დრონმა ხვრელი გააკეთა შენობის ფასადის სუსტ ნაწილში, ხოლო მეორე დრონი შეფრინდა წარმოქმნილ ხვრელში და აფეთქდა (მსხვერპლი ან დაშავებულები არ ყოფილა).
დასავლური სადაზვერვო სააგენტოს შიდა მემორანდუმში აღნიშნულია, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, ითამაშა როლი რეგიონში CIA-ს ობიექტების მიზანში ამოღებაში.
რეგიონში მყოფი დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, რუსეთი ირანს დაეხმარა Shahed-ის ტიპის დრონების გაუმჯობესებაში — კერძოდ, რუსული Kometa-M თანამგზავრული ნავიგაციის სისტემების მიწოდებით, რომლებიც ბევრად უფრო მდგრადია ხარვეზების მიმართ და მაღალი სიზუსტით გამოირჩევა.
ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ რიადზე თავდასხმისას სწორედ რუსული ტექნოლოგიებით მოდიფიცირებული Shahed-ის დრონები გამოიყენეს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ადრეც დაადასტურეს, რომ რუსეთი ირანს, ზოგადად, აწვდიდა სამიზნეების კოორდინატებს სპარსეთის ყურეში ამერიკულ ბაზებსა და ობიექტებზე დარტყმებისთვის. თუმცა, CIA-ს კონკრეტულ და სენსიტიურ სადაზვერვო ობიექტებზე მიზანმიმართული თავდასხმა აჩვენებს, რომ მოსკოვი მზადაა, უფრო შორს წავიდეს აშშ-ის ოპერაციების შეფერხებაში.
ეჭვები რუსეთის მიერ სამიზნეების მონაცემების გადაცემაზე კიდევ უფრო გაძლიერდა იორდანიაში აშშ-ის საჰაერო ბაზაზე განხორციელებული ბალისტიკური რაკეტების დარტყმის შემდეგ, სადაც ირანულმა რაკეტებმა ყაზარმა გაანადგურეს და ორი ამერიკელი ჯარისკაცი იმსხვერპლეს.




