ჩინეთი კერძო არხებით ირანზე ზეწოლას ახდენს, რათა თეირანმა იემენელი ჰუსიტების შეკავებაში დაეხმაროს. ამის მიზეზი საუდის არაბეთის თხოვნა გახდა, რომელიც პეკინს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების გასულ კვირას განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ მიმართა, - წერს Reuters-ი სამ ინფორმირებულ ირანულ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროების ცნობით, ერ-რიადმა ჩინეთის დახმარება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ჰუსიტები წითელი ზღვის სანაპიროზე და ბაბ-ელ-მანდების სრუტის გარშემო სწრაფად დაიკავეს პოზიციები, რამაც საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტი და საზღვაო გადაზიდვები კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა.
ჩინეთმა საჯაროდ თავშეკავების, დიალოგისა და უსაფრთხო ნავიგაციის აღდგენისკენ მოუწოდა, თუმცა წყაროების თქმით, მისი კერძო გზავნილი საჯარო განცხადებებზე გაცილებით შორს მიდიოდა.
პეკინს სურს, რომ ირანმა ჰუსიტებზე თავისი გავლენა გამოიყენოს, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის შემდგომი გავრცელება ენერგეტიკულ მარშრუტებზე, რომლებზეც ჩინეთია დამოკიდებული, როგორც მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა. საქმეში ჩახედულმა წყაროებმა, რომლებიც ანონიმურობის პირობით საუბრობდნენ, არ გაამჟღავნეს დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ გადაეცა ეს შეტყობინება და გადაეცა თუ არა ის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის ოთხშაბათს ჩინეთში ვიზიტის დროს.
წყაროების თქმით, თეირანმა უპასუხა, რომ რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა დამოკიდებულია აშშ-ისრაელის ომის დასრულებაზე ირანის წინააღმდეგ.
წყარო: Reuters
მოამზადა რაულ კაპანაძემ




