აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის დიზელის გარიგება, სავარაუდოდ, ამ ტიპის საწვავზე მსოფლიო ფასების მნიშვნელოვან შემცირებას ვერ გამოიწვევს, რადგან მოსკოვის მიერ დაპირებული მოცულობები ძალიან მცირეა, წარმოების გაზრდა კი, უკრაინის მხრიდან თავდასხმების გამო, რთულია. ამის შესახებ Reuters ანალიტიკოსებზე დაყრდნობით იტყობინება.
მანამდე ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთი ოქტომბერში 300 ათას ტონა დიზელს (2.25 მლნ ბარელი), ნოემბერში კიდევ 500 ათას ტონას, ხოლო შემდეგ, დამატებით 1 მლნ ტონას მიაწვდის. სააგენტოს მიერ გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მოსკოვს ამ მიზნების მისაღწევად საწვავის საკმარისი მოცულობის წარმოება არ შეუძლია. მიწოდებას ასევე, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ტანკერებით გადაზიდვების ბაზარზე არსებულმა "დაძაბულმა სიტუაციამ".
გეგმის განხორციელების შემთხვევაშიც კი, გამოცხადებული მოცულობები სიტუაციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის საკმარისი არ არის. პირველი პარტია ერთ თვეზე რომ გადანაწილდეს, დღე-ღამეში, დაახლოებით, 73 ათასი ბარელი გამოვა. ფასების შესამჩნევი შემცირებისთვის კი დღე-ღამეში დაახლოებით 400 ათასი ბარელია საჭირო, — დაითვალეს ანალიტიკურ კომპანია Kpler-ში. საკონსულტაციო კომპანია Baringa-ში კი მინიმალური მოცულობა 850 ათას ბარელად შეაფასეს.
ამჟამად რუსეთი დღე-ღამეში დაახლოებით 1.4 მლნ ბარელ დიზელის საწვავს აწარმოებს, ხოლო ყოველდღიური შიდა მოხმარება დაახლოებით 1.2 მლნ ბარელს შეადგენს, — დაითვალეს Energy Policy Research Foundation-ის ანალიტიკოსებმა. ასე რომ, რუსეთს დამატებით 384-509 ათასი ბარელი დიზელის წარმოება სჭირდება, — აღნიშნავენ ისინი.
წარმოების გაზრდას ხელს უშლის, მათ შორის, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმები რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე. ამჟამად რუსეთში ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრეების 45%-მდე შესაძლოა, დაზიანებული იყოს, — აღნიშნავენ საზღვაო ბროკერ Braemar-ის წარმომადგენლები.
რუსეთს ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების შეკეთება უკრაინის მხრიდან თავდასხმების შეწყვეტის შემთხვევაში შეეძლო დაეწყო, თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, წლის ბოლომდე სიტუაციის არსებითად შეცვლა არ შეუძლია. გარდა ამისა, ამჟამად მოსკოვი კვლავ იძულებულია, ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელოს.
პირველი ტანკერი რუსული დიზელით აშშ-ში 22 ოქტომბერს გაემგზავრება, ხომალდის წყალწყვა 40 ათას ტონას შეადგენს, — განაცხადა ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას. სავარაუდოდ, ტანკერი მოძრაობას ბალტიის ზღვის ერთ-ერთი რუსული პორტიდან დაიწყებს, — დააზუსტა მან.
ნოვაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინისა და ტრამპის შეთანხმებით განხორციელებული მიწოდება შიდა ბაზარზე გავლენას არ იქონიებს, რადგან ექსპორტზე მხოლოდ ჭარბი პროდუქცია გავა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-სთან გარიგების გამოცხადების შემდეგ "მსოფლიო ბაზრებზე დიზელზე ფასები იმთავითვე 5-6 პროცენტით შემცირდა". "ჩვენ ვამზადებთ ტვირთებს, რამდენიმე ხომალდს, ტანკერებს. პირველი ტანკერი ორ-სამ დღეში წავა, 40 ათასი ტონა, და მიჰყვებიან ერთმანეთის მიყოლებით. აქ მნიშვნელოვანია მხოლოდ ფინანსური მხარის უზრუნველყოფა, რათა ყველაფერმა იმუშაოს", — განაცხადა პუტინმა 21 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფთან შეხვედრის ღია ნაწილში.
ამასთან, როგორც ICE ბირჟის მონაცემებიდან ირკვევა, 9 ოქტომბრიდან, როდესაც დიზელის გარიგების შესახებ გამოცხადდა, ამ ტიპის საწვავზე ფასები პრაქტიკულად არ შეცვლილა. მაგალითად, 12 ოქტომბერს ერთი ტონა დიზელის მიწოდებაზე კონტრაქტის დადება დაახლოებით 1408 დოლარად იყო შესაძლებელი, ხოლო 20 ოქტომბერს — 1449.5 დოლარად.




