უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომლის ღირებულებაც 325 მილიონი დოლარია, არ მოიცავს ATACMS-ის რაკეტებს, მაგრამ მოიცავს 155 მმ-იან კასეტურ ჭურვებს და დამატებით რაკეტებს Avenger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის. ამის შესახებ Reuters ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
პაკეტში ასევე შედის TOW-ს და AT4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, HIMARS-ის სარაკეტო სისტემის რაკეტები და Javelin ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. ამავდროულად, პაკეტის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს.
ცნობილია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინული მხარე აქტიურად სთხოვდა შეერთებულ შტატებს ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს. სექტემბერში Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები სულ უფრო უახლოვდება გადაწყვეტილების მიღებას ATACMS-ის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ.
დახმარების ახალ პაკეტს, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს თეთრ სახლში 21 სექტემბერს გამოაცხადებს.