პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ვარშავას აქვს ინფორმაცია რუსეთის შესაძლო პროვოკაციების შესახებ.

ამის შესახებ სიკორსკიმ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მედიის კითხვაზე, რომელიც რუსეთიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეს შეეხებოდა, სიკორსკიმ აღნიშნა, რომ რუსები კვლავ რაღაცას გეგმავენ და ამის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია აქვთ.

„დღეს უნდა დაგვიჯეროთ არა მხოლოდ მე, არამედ სხვა ქვეყნებსაც, რომ გვაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსები კვლავ რაღაცას გეგმავენ. ამ გაფრთხილებების მიზანია, მათ უარი ვათქმევინოთ ამ პროვოკაციების განხორციელებაზე“, – განაცხადა სიკორსკიმ.

სიკორსკის თქმით, დაზვერვის მონაცემების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე დიდი ხანია, პოლონეთისა და საფრანგეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. მისი განცხადებით, ეს მოიცავს კიბერშეტევებს სახელმწიფო სისტემებზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მცდელობებს ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების გამოყენებით, ხანძრების განზრახ გაჩენას, რკინიგზაზე დივერსიებს და  დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს.

თავის მხრივ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ პარიზიც აფიქსირებს რუსეთის ჰიბრიდული აქტივობის გააქტიურებას. მისი თქმით, პოლონეთი და საფრანგეთი უკვე ოთხი წელია, რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნეები არიან, ხოლო ფრონტზე რუსეთისთვის შექმნილი სირთულეების ფონზე, მოსკოვი სულ უფრო ხშირად მიმართავს პროვოკაციებს.