ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა „ჰარი პოტერის“ ავტორი ჯოან როულინგი ბუკინგემის სასახლეში დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CTV News ავრცელებს.

მწერალს ჯილდო ლიტერატურასა და საქველმოქმედოში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. ჯოან როულინგის თქმით, ეს მისთვის ძალიან დიდი პატივია. ღირსების ორდენის მფლობელს შორისაა მეცნიერი სტივენ ჰოკინგი, მუსიკოსი პოლ მაკარტნი, მსახიობი მეგი სმიტი.

ჯოან როულინგი ინგლისელი მწერალი და ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიის ავტორია. მისი გაყიდული წიგნების საერთო ტირაჟი 400 მილიონ ეგზემპლარს აღემატება.

2004 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ გირვანქა სტერლინგად (1 მილიარდ დოლარზე მეტი) შეაფასა. იგი პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი მოიპოვა.

2007 წლის „სანდი ტაიმსის მდიდართა ჩამონათვალში“ მას 136-ე ადგილი მიენიჭა ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის, ხოლო 13-ე ადგილი — ყველაზე მდიდარ ბრიტანელ ქალთა შორის. ჯოანი აგრეთვე ქველმოქმედია და გაწევრიანებულია ბევრ საქველმოქმედო ორგანიზაციაში. დღესდღეობით „ჰარი პოტერი“ ეგრეთ წოდებული „გლობალური ბრენდია“, რომელიც 15 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. სერიის უკანასკნელმა ოთხმა წიგნმა თანმიმდევრულად დაამყარა რეკორდი, როგორც მთელ ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა წიგნებმა. წიგნების სერიათა სრული 4.195 გვერდი ნათარგმნია მთლიანად ან ნახევრად 65 ენაზე.