სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი და მისი მეუღლე, მეგან მარკლი აშშ-ში ცხოვრებისა და სამეფო ოჯახიდან წასვლის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში მუდმივად საცხოვრებლად ბრუნდებიან.
გამოცემების ცნობით, წყვილი შვილებთან, პრინც არჩისთან და პრინცესა ლილიბეთთან ერთად, დიდი ბრიტანეთის მიმართულებით გადასვლას ამავე თვის ბოლოს გეგმავს.
ოჯახი ლონდონის მიღმა, კერძო და არა-სამეფო რეზიდენციაში დასახლდება. მათი შვილები სწავლას სექტემბრიდან ბრიტანულ სკოლებში დაიწყებენ. ამავდროულად, წყვილი შეინარჩუნებს სახლს კალიფორნიაში და აგრეთვე, პორტუგალიაში არსებულ საკუთრებას.
მიუხედავად დაბრუნებისა, ჰარი და მეგანი ოფიციალურ სამეფო მოვალეობებს არ დაუბრუნდებიან და მათი სტატუსი, როგორც სამეფო ოჯახის არაკომერციული/მუშა წევრებისა, უცვლელი დარჩება.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოფიციალური სამეფო მოვალეობები 2020 წლის დასაწყისში დატოვეს და საცხოვრებლად აშშ-ში (კალიფორნიაში) გადავიდნენ. მათ ეს გადაწყვეტილება დაძაბული გარემოთი, მედიის ზეწოლითა და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობით ახსნეს.
წლების განმავლობაში წყვილმა არაერთი სკანდალური ინტერვიუ მისცა, გამოუშვეს დოკუმენტური სერიალი Netflix-ზე და პრინცმა ჰარიმ გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი "სათადარიგო" (Spare), სადაც მკაცრად აკრიტიკებდნენ სამეფო კარის ინსტიტუტს და დაძაბულ ურთიერთობებზე საუბრობდნენ ჰარის მამასთან, მეფე ჩარლზ III-თან და უფროს ძმასთან, პრინც უილიამთან.
ჰარი წლების განმავლობაში სასამართლო დავებს აწარმოებდა ბრიტანეთის მთავრობასთან ბრიტანეთში ყოფნისას სახელმწიფო პოლიციის დაცვის შენარჩუნებაზე. მან ადრე განაცხადა, რომ ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბრიტანეთში დაბრუნებას არ აპირებდა, თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ეს პოზიცია შეცვალა.
ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც მეფე ჩარლზ III-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ფონზე, ჰარი სამეფო ოჯახთან შესახვედრად რამდენჯერმე ჩავიდა ბრიტანეთში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი ოჯახური ვიზიტი და შეხვედრა მეფესთან ჰაიგროუვში, რამაც მხარეებს შორის ურთიერთობების დარეგულირებას შეუწყო ხელი. მიუხედავად ამისა, მედია აღნიშნავს, რომ პრინც უილიამთან ურთიერთობა კვლავ დისტანციური რჩება.




