ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
კანონპროექტით, რომელსაც პოლონეთის პრეზიდენმა ვეტო დაადო, შეთავაზებული იყო ეროვნული ბანკის მმართველობის ქვეშ მყოფი უსაფრთხოების გაძლიერების ფინანსური ინსტრუმენტის შექმნა, რომლის მეშვეობითაც მთავრობას შეეძლო SAFE-ს - ევროკავშირის დაბალპროცენტიანი სესხის ინსტრუმენტი ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის სწრაფად გასაძლიერებლად - სახსრების გამოყენება.
„მე გადავწყვიტე, არ მოვაწერო ხელი კანონპროექტს, რომელიც პოლონეთს საშუალებას მისცემს მიიღოს SAFE სესხი. მე არასდროს მოვაწერ ხელს კანონპროექტს, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ეკონომიკურ და სამხედრო უსაფრთხოებას“, - განაცხადა კაროლ ნავროცკიმ.
ამასთან დაკავშირებით, მინდა გავაფრთხილო, რომ უკანონო, შემოვლითი გზით ჩვენი ქვეყნისთვის საგარეო ვალის აღების ნებისმიერი მცდელობა ადრე თუ გვიან გამოიწვევს როგორც პოლიტიკურ, ასევე იურიდიულ პასუხისმგებლობას“, - დასძინა პრეზიდენტმა.
„პრეზიდენტმა ხელიდან გაუშვა შანსი, გამოევლინა თავი როგორც პატრიოტს. სამარცხვინოა!“ - დაწერა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა X-ზე.
მისი თქმით, ვეტოს „პოლონეთის მთავრობა ხვალ, დილის 9 საათზე, მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე გასცემს პასუხს“.
„პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის მიერ SAFE-ს კანონპროექტზე ვეტო მიმართულია არა მთავრობის, არამედ პოლონეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ“, - განაცხადა ხუთშაბათს ვიცე-პრემიერმა და ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
„ჩვენ განვახორციელებთ გეგმა B-ს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
თავის მხრივ, ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცეზარი ტომჩიკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა „პოლონეთს სახეში შეაფურთხა“.
მთავრობის წარმომადგენლების თქმით, პრეზიდენტის ვეტო პოლონეთს SAFE-ის ფონდებით სარგებლობაში ხელს არ შეუშლის, თუმცა, მაგალითად, ისეთი სერვისების დაფინანსებას შეაფერხებს, როგორიცაა სასაზღვრო დაცვა, პოლიცია ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ევროკავშირის SAFE პროგრამის ყველაზე დიდი ბენეფიციარი პოლონეთი უნდა გახდეს. პოლონეთის მთავრობას შეეძლება დაახლოებით 43.7 მილიარდი ევროს სესხების მიღება შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთებით და მათი თავდაცვით ინვესტიციებზე დახარჯვა. მთავრობის ცნობით, SAFE-ის ფონდების 89% პოლონურ თავდაცვით კომპანიებს მოხმარდება. ოპოზიცია და პრეზიდენტი ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის სესხები პოლონეთს აიძულებს დაიცვას ევროკავშირის შესყიდვების წესები, რაც დასავლეთ ევროპულ ფირმებს ადგილობრივ ფირმებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს.




