პრაღის ცენტრში, მთავარ სადგურთან ახლოს მდებარე სარკინიგზო ხიდზე ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია, — განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა საზოგადოებრივი ტელეარხის ეთერში. კიდევ 42-მა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
მატარებლების შეჯახებისას დაშავებულთა შორის უკრაინის 15 მოქალაქეა, — წერს გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" კიევის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
წინასწარი ინფორმაციით, ავარია ადგილობრივი დროით დაახლოებით 7:00 საათზე მოხდა, ორივე მატარებელი დაბალი სიჩქარით მოძრაობდა. ვისოჩანისა და ლიბენის რაიონების მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა დაახლოებით ორი საათით შეჩერდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის, სახანძრო დაცვისა და სასწრაფო დახმარების მრავალრიცხოვანი ქვედანაყოფები გაიგზავნა. 9:00 საათის შემდეგ მთავარი სადგურის ოთხი ბაქნის მუშაობა აღდგა.
ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, რატომ აღმოჩნდნენ მატარებლები ერთ ლიანდაგზე. ერთი მატარებელი მლადა-ბოლესლავიდან მოდიოდა, მეორე კი მილოვიცესკენ მიემართებოდა.
ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრმა ივან ბედნარიკმა მომხდარს ძალიან სერიოზული ინციდენტი უწოდა, რომლის მიზეზები და გარემოებებიც ამჟამად დგინდება. პირველადი შეფასებით, მატერიალური ზარალი, სულ მცირე, 650 ათას ევროს შეადგენს.




