პრაღაში, ლეტნას მოედანზე, ასოციაცია „მილიონი გაელვება დემოკრატიისთვის“ ატარებს დემონსტრაციას.
„მილიონი გაელვება დემოკრატიისთვის“ თავმჯდომარის, მიკულაშ მინარის თქმით, ღონისძიების მიზანი დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტების, სახელმწიფო მედიაზე ზეწოლისა და თავდაცვის ხარჯების შემცირების გამო უთანხმოებისა და შეშფოთების გამოხატვა და ანდრეი ბაბიშის მთავრობის მიერ მათთან საბრძოლველად გატარებულ ზომებზე ყურადღების მიპყრობაა.
დემონსტრაციის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ლეტნას მოედანზე 150 ათასი კაცი იყო შეკრებილი. ისინი მოელიან, რომ დემონსტრაციაში 200 ათასიდან 400 ათასამდე კაცი მიიღებს მონაწილეობას.
2019 წლის ზაფხულში ასოციაციამ მსგავსი ღონისძიება მოაწყო ბაბიშის მაშინდელი მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ორგანიზატორების თქმით, მასში დაახლოებით მეოთხედი მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.
ანდრი ბაბიშმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ დღეს დასვენების დღე აქვს.
„მე ბუდაპეშტში, ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად, CPAC-ზე (კონსერვატიული პოლიტიკის ფორუმზე - „აიპრესი“) უნდა ვყოფილიყავი“, მაგრამ გრაფიკი შეიცვალა და გზიდან დავბრუნდი უკან, პრაღაში და ვმონაწილეობდი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში, რომელიც გაიმართა პარდუბიცეში ხანძრის გამო და რომელიც, ყველა ცნობით, განზრახ იყო გაჩენილი.
„დღეს საშინელი ამინდია. უმჯობესი იქნება საბნის ქვეშ შეძრომა, ბუხრის დანთება და ტელევიზორის ან ფილმების ყურება, ან სამაგიდო თამაშები ოჯახთან ერთად“, - თქვა ბაბიშმა. შემდეგ მან ვიდეოში ისაუბრა ისეთ ვარაუდებზე, როგორიცაა ვარაუდი იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ზედამხედველობის შესახებ მომავალი კანონი რუსეთიდან არის შთაგონებული.



