ჩეხეთი, დაგეგმილზე ადრე, შეიძლება გახდეს დამოუკიდებელი რუსული ნავთობის მიწოდებისგან, რომელიც ამ ქვეყანაში მილსადენ "დრუჟბას" გავლით უკვე ოთხი კვირაა არ მიეწოდება. ქვეყნის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ლუკაშ ვლჩეკმა განაცხადა რუსული მილსადენის ნავთობის შესყიდვაზე საბოლოოდ უარის თქმის აუცილებლობის შესახებ, წერს DW.
ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის Orlen Unipetrol-ის ოპერატორმა, რომელიც უკვე დგამს ნაბიჯებს ნედლეულის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის, განაცხადა ჩეხმა მინისტრმა საზოგადოებრივ-სამართლებრივი არხის ეთერში. კერძოდ, უკვე გაფორმებულია კონტრაქტები ჩრდილოეთის ზღვის საბადოებიდან და სხვა წყაროებიდან ნავთობის მოწოდებაზე.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ პრაღის მთავრობამ საწარმოს სახელმწიფო რეზერვებიდან სესხის სახით გამოუყო 330 ათასი ტონა ნავთობი, რაც საკმარისია ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის 90 დღის განმავლობაში მუშაობისთვის.
ალტერნატიული მიწოდების გზა შეიძლება, გახდეს ტრანსალპური ნავთობსადენი (TAL), რომელიც ნედლ ნავთობს აწვდის ცენტრალური ევროპის ქვეყნებს იტალიის პორტ ტრიესტიდან. მისი სიმძლავრეები გაიზარდა TAL-Plus პროექტის ფარგლებში. ჩეხეთის სხვა ოპერატორის Mero-ს მონაცემებით, ამ მიწოდებებით შესაძლებელია ჩეხეთის ორივე ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის მოხმარების სრულად დაფარვა.
4 მარტიდან რუსული ნავთობი აღარ მიეწოდება ჩეხეთს "დრუჟბას" მილსადენით, რომელიც გაყვანილია თათრეთიდან ბელარუსში, და იქიდან - სლოვაკეთში, ჩეხეთსა და უნგრეთში (სამხრეთის განშტოება), ასევე პოლონეთსა და გერმანიაში (ჩრდილოეთის განშტოება). ამ მიწოდების შეჩერების მიზეზად ადრე დასახელდა გადახდებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც გამოწვეული იყო აშშ-ს მიერ რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.