თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტი გაფარ ილმაზიზი, იგივე თემურ ქათამაძე „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე სამართალდამრღვევად ცნო და 2 800 ლარით დააჯარიმა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ქათამაძე მიგრაციის დეპარტამენტიდან კლინიკა „ვივამედში“ მიიყვანეს, სადაც მას შიმშილობის შემდეგ პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უნდა ჩატარებოდა.

გამოძიების ცნობით, თავდაპირველად მას კონფლიქტი კლინიკის მედდასთან მოუვიდა, რის შემდეგაც მის დასამშვიდებლად შესულ კლინიკის დირექტორს, ნინო ნადირაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ქათამაძე ბრალს არ აღიარებს.

გამოძიების ცნობით, შემთხვევა 6 მარტს მოხდა.

თემურ ქათამაძეს ამ დროისთვის შიმშილობა შეწყვეტილი აქვს. ის კლინიკიდან კვლავ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში იმყოფება. გამოძიების ინფორმაციით, ქათამაძე კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება საქართველოში, არ აქვს მოქალაქეობა, ბინადრობის ნებართვა და მოითხოვენ მის გაძევებას.

ინფორმაციას საზოგადოებრივ მაუწყებელი ავრცელებს.