პოლონეთში, ვარშავიდან სამხრეთ-დასავლეთით 50 კმ-ში მდებარე ქალაქ ჟირარდოვში, ქსენოფობებმა ქართველი იმიგრანტი მუშები სცემეს, შემდეგ კი მათ საერთო საცხოვრებლამდე სდიეს და იქ მათ და მათთან ერთად მცხოვრებ სხვა ქართველებს, აგრეთვე აზერბაიჯანელ და უკრაინელ იმიგრანტ მუშებს დაუპირისპირდნენ.

პოლონური პრესის ცნობით, შაბათს, 21 ოქტომბერეს, რამდენიმე ათეული ჟირარდოველი ქალაქის ცენტრში მდებარე კათოლიკურ ეკლესიასთან შეიკრიბა. სოციალური ქსელები წინასწარ გავრცელებული მოწოდების თანახმად, მათ მიზანი პოლონეთის და პოლონელების დაცვის მიზნით ქალაქის ქუჩებში სამოქალაქო პატრულირება იყო.

თვითმხილველთა თქმით, შეკრებილები იმდენად აგრესიულად იქცეოდნენ, რომ შეკრების ადგილზე პოლიცია მივიდა, თუმცა მას დაშლისკენ მოწოდება არ გაუკეთებია. პოლიციის ოფიცრებმა შეკრებილთა დაშლას დარჩენა და შეკრებილთა მსვლელობისადმი თვალის მიდევნება ამჯობინეს.

ქუჩებში მსვლელობის დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ „სამოქალაქო პატრულმა", რომელიც განუწყვეტლივ სკანდირებდა, რომ „ეს პოლონეთია" და მისი წევრები პოლონელებს უცხოელებისგან იცავენ, პარტიზანების ქუჩაზე შენიშნა სკამზე ჩამომჯდარი, ალკოჰოლის სმით (პრესა ვერ აზუსტებს, კონკრეტულად რას სვამდნენ, სპირტიან სასმელს თუ ლუდს - „აიპრესი") დაკავებული სამი ქართველი და უბრძანა მათ დაუყოვნებლივ გაცლოდნენ იქაურობას, დაწყებულ კამათს ჩხუბი მოჰყვა და ნაცემმა ქართველებმა თავი საერთო საცხოვრებელს შეაფარეს.


„სამოქალაქო პატრული" მათმა ცემამ ვერ დააწყნარა. მათ ნაცემ ქართველებთან ერთად საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ სხვა ქართველებზე, აგრეთვე აზერბაიჯანელებსა და უკრაინელებზე მიიტანეს იერიში და იქ ნაწილობრივ შეჭრილებმა, რამდენიმე იმიგრანტის ცემა შეძლეს.

პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმიგრანტებ პოლიციისთვის ოფიციალური საჩივრით არ მიუმართავთ, ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ შაბათის არეულობის შემდეგ იმიგრანტთა ნაწილმა, დაახლოებით 70-მა კაცმა, შიშის და შეურაცხყოფის ატომოსფეროში ყოფნას სამუშაო დატოვება და ჟირარდოვიდან წასვლა ამჯობინა.

იმიგრანტებზე თავდასხმა არ უნდა ხდებოდეს, ისინი ნორმალური ადამიანები არიან. ბევრი მათგანი აქ ოჯახითაა, ბევრს მუშაობენ, გადასახადებს იხდიან. მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა არ სჭარბობს პოლონელების მიერ ჩადენილს, - ამბობს პოლიციის ადგილობრივი განყოფილების უფროსი ედიტა მარჩევსკა და დასძენს, რომ პოლიცია, ოფიციალური განცხადების არარსებობის მიუხედავად, ცდილობს დაადგინოს, მოხდა თუ არა კანონის დარღვევა მსვლელობის დროს.

„ჩვენ ვესაუბრეთ ადამიანს, რომელმაც მოაწყო შაბათის მსვლელობა. მან გვითხრა, რომ არ ელოდა ასეთ ესკალაციას და აღარ აპირებს ჩვენს ქალაქში მსგავსი ღონისძიებების მოწყობას", - ამბობს მარჩევსკა.

პორტალ Warszawa.Wyborcza-ს ინფორმაციით, „სამოქალაქო პატრულმა" პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში შეკრება და მარშირება ორი კვირის წინ დაიწყო, მისი ორგანიზატორი კი MMA-ს მებრძოლი და ასევე იუთუბერი რაფაელ პოდეიმაა. მან პოზნანის მახლობლად ოთხი კოლუმბიელის და ერთი არგენტინელის მიერ ორი პოლონელის სასტიკად ცემის შემდეგ სოციალური ქსელებით მოუწოდა ხალხს მსვლელობების მოწყობისკენ.