პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა.

ევროპარლამენტის სესიაზე, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტს ახალი ვადით ირჩევდნენ, ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკმა ფონ დერ ლაიენს მიმართა და განაცხადა, რომ ფონ დერ ლაიენის გატარებულმა პოლიტიკამ ევროპა გააღარიბა. ამასთან, ევროპარლამენტარის განცხადებით, ურსულა ფონ დერ ლაიენი მის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო ციხეში უნდა იყოს.

„ქალბატონო ურსულა, დროა, ვინმემ პირდაპირ გითხრათ, რას ფიქრობს თქვენზე ევროპელთა დიდი უმრავლესობა. თქვენი არჩევა ევროკომისიის პრეზიდენტად წინა ვადისას იყო დიდი შეცდომა და ზოგისთვის ეს დღემდე თავის ტკივილია. თქვენს გამო ევროპელები სულ უფრო ღარიბდებიან. თქვენ მიგრაციის პაქტის სახე ხართ და მე მოგმართავთ, როგორც ქალი ქალს, როგორც დედა დედას – როგორ არ გრცხვენიათ ისეთი რაღაცის წახალისება, როგორიც არის მიგრაციის პაქტი, რაც ნიშნავს, იმას რომ ევროპაში მილიონობით ქალი და ბავშვი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს მათი ქალაქების ქუჩებში. თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველა გაუპატიურებაზე, ყოველ თავდასხმაზე, ყოველგვარ ტრაგედიაზე, რომელიც გამოწვეულია არალეგალი მიგრანტების შემოდინებით, რადგან სწორედ თქვენ იწვევთ ხალხს ევროპაში. რასაც აკეთებთ, ამისთვის ციხეში უნდა წახვიდეთ და არა ევროკომისიაში“, – განაცხადა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.

ამასთან, ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკმა ურსულა ფონ დერ ლაიენს ჰკითხა, იცოდა თუ არა, რას ფიქრობდა ხალხი მის პოლიტიკაზე.

„ჩვენ გვინდა თავისუფალი და სუვერენული ერების ევროპა და არა ავადმყოფი, მემარცხენე იდეოლოგია. ყველა ჯარისკაცი, რომელიც აღმოსავლეთის საზღვარს იცავს, ქედის მოხრას იმსახურებს“, – დასძინა პოლონელმა ევროპარლამენტარმა სიტყვით გამოსვლისას.

თარგმანი: პირველი არხი