ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის წინ სიტყვით გამოსულმა პოლონელმა ევროპარლამენტარმა ევა ზაიჩკოვსკა-ჰენრიკმა ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა 

ევა ზაიჩკოვსკა-ჰენრიკმა, რომელიც ევროპარლამენტში კიდევ ორ პოლონელ ევროპარლამენტართან ერთად „ალტერნატივა გერმანიისთვის" 14 დეპუტატის მიერ ჩამოყალიბებულ 25-წევრიან ფრაქციაშია გაერთიანებული, ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევა ევროკავშირის შემდგომი გაღარიბების და დაშლის წინაპირობად მიიჩნია.

„ქალბატონო ურსულა, დროა პირდაპირ გითხრათ რას ფიქრობს თქვენზე ევროპელთა დიდი უმრავლესობა. თქვენი წინა ვადაში ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევა დიდი შეცდომა იყო და ამ გადაწყვეტილების გამო ზოგს ჯერ კიდევ აწუხებს თავის ტკივილი.

თქვენ ხართ სახე ევროპის მწვანე შეთანხმებისა, რომელიც ანადგურებს ევროპის ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობას, აქცევს ევროპას ღია ცის ქვეშ ეკონომიკურ მუზეუმად. თქვენ ხართ სახე ევროკავშირის მთელი კლიმატური სიგიჟის, რომლის შედეგადაც ჩვენ სულ უფრო და უფრო ვღარიბდებით.

და ბოლოს, თქვენ ხართ სახე მიგრაციის პაქტის და მე მოგმართავთ თქვენ როგორც ქალი ქალს, როგორც დედა დედას. როგორ არ გრცხვენიათ, როცა ახალისებთ რაღაც მიგრაციის პაქტის მსგავს, რომლის გამოც ევროპაში მილიონობით ქალი და ბავშვი თავიანთი ქალაქების ქუჩებში ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ. თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველა გაუპატიურებაზე, თავდასხმაზე და ტრაგედიაზე, რომელიც გამოწვეულია არალეგალური ემიგრანტების შემოდინებით, რადგან თქვენ ხართ ის, ვინც იწვევთ მათ ევროპაში. რასაც აკეთებ, ამისთვის ციხეში უნდა ჩაგსვან და არა ევროკომისიაში.

თქვენი ყოფნა ევროკომისიის ხელმძღვანელად ნიშნავს ევროკავშირის შემდგომ დაშლას“, - მიმართა ევა ზაიჩკოვსკა-ჰენრიკმა ურსულა ფონ დერ ლაიენს, გადახია ფურცლები წარწერებით „ევროპის მწვანე შეთანხმება“ და „მიგრაციის პაქტი“ და დასძინა:

„ჩვენ გვსურს თავისუფალი და სუვერენული ერების და არა ავადმყოფური მემარცხენე იდეოლოგიის ევროპა. ხელები შორს პოლონეთისგან და თქვენ ქედი უნდა მოიხაროთ ყიმ ჯარისკაცების წინაშე, რომლებიც ამ მომენტში ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებს იცავენ".

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ აშკარა ზიზღით და სწრაფად მიანიშნა პოლონელ ევროპარლამენტარს, რომ მისი დრო ამოიწურა, - წერს პოლონური გამოცემა wiadomosci.