აშშ-ის ზარაფხანამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი 1-დოლარიანი მონეტები უკვე მიმოქცევაშია და მათი შეძენაც შესაძლებელია.
გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა 1866 წლის შემდეგ, როდესაც აშშ-ის ვალუტაზე ცოცხალი ადამიანის გამოსახულება აღბეჭდეს.
მედიის ცნობით, მონეტები იყიდება 25 ან 100-ცალიან შეფუთვებად, რომელთა ფასი 61 დოლარიდან იწყება. მონეტის ერთ მხარეს ტრამპის პორტრეტია გამოსახული, ასევე დატანილია წარწერები – LIBERTY („თავისუფლება“), IN GOD WE TRUST („ღმერთის გვწამს“) და თარიღები – „1776 ~ 2026“. მონეტის მეორე მხარეს გამოსახულია პრეზიდენტის ბეჭედი და დატანილია წარწერა „250“, ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის აღსანიშნავად.
„პოლიტიკო“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობდა, ტრამპის პორტრეტი აშშ-ის ვალუტაზე განეთავსებინა, მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა, რომლის მიხედვითაც ვალუტაზე ცოცხალი ადამიანის გამოსახვა დაუშვებელი იყო.
1866 წელს კონგრესმა აკრძალა ნებისმიერი ცოცხალი ადამიანის პორტრეტის განთავსება ვალუტის კუპიურებზე, ობლიგაციებსა და ფასიან ქაღალდებზე. 2020 წელს ტრამპმა ხელი მოაწერა ორპარტიულ კანონპროექტს, რომელმაც სახაზინო დეპარტამენტს 2026 წელს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის აღმნიშვნელი დიზაინის მქონე 1-დოლარიანი მონეტების გამოშვების უფლებამოსილება მისცა. ტრამპმა ასევე წამოაყენა 250-დოლარიანი კუპიურის გამოშვების წინადადება, რომელზეც მისი პორტრეტი იქნება გამოსახული.












