გერმანია, იტალია და ბელგია გამოვიდნენ ინიციატივით, შეიქმნას მექანიზმი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უფლებას მისცემს, შეაჩერონ ახალი ევროპული კანონების მიღება იმ შემთხვევაში, თუ ეს წესები მთავრობებსა და ბიზნესს ზედმეტ ტვირთად აწვება. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

ინფორმაცია ეყრდნობა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის, იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონისა და ბელგიის მთავრობის მეთაურის, ბარტ დე ვევერის ერთობლივ წერილს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას გაეგზავნა.

გერმანიის, იტალიისა და ბელგიის ლიდერებმა თავიანთ მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროკავშირს ესაჭიროება "გადაუდებელი დამუხრუჭების" მექანიზმი, რომელიც ევროპული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას აამაღლებს.

მათ ასევე მოუწოდეს ევროკავშირს ახალი ნორმების "დაგეგმვისა და შეთანხმების პროცედურების მნიშვნელოვნად დაჩქარებისკენ", ასევე ცალკეული კანონებისა და ნორმატიული მოთხოვნების მოქმედების დროებით შეჩერების შესაძლებლობის შექმნისკენ.

"ჩვენ მოვუწოდებთ რეგულაციების გამარტივების მიზნით ახალი, ამბიციური ზომების პაკეტების შემუშავებისკენ, რაც საშუალებას მოგვცემს გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ ევროკავშირში ბიუროკრატიის შესამცირებლად", - განაცხადეს მერცმა, მელონიმ და დე ვევერმა.

მათ წერილი ევროკავშირის ლიდერების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გაგზავნეს. შეხვედრაზე ევროკავშირის ბიუჯეტი, ენერგომატარებლებზე ფასები და უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილება.

მანამდე გერმანიამ, ავსტრიამ და ევროკავშირის კიდევ 11-მა ქვეყანამ ევროკომისიისგან მოქმედი ნორმების გამარტივება მოითხოვეს, რადგან, მათი აზრით, რეგულაციების სიჭარბე ხელს უშლის ბიზნესს და ამცირებს ევროპის კონკურენტუნარიანობას.

დოკუმენტის ავტორებმა ბრიუსელს შესთავაზეს, გამოაცხადოს "განხორციელებისა და კონსოლიდაციის წელი" - დროებითი პაუზა რეგულირებაში, რაც შეამცირებს ტვირთს მცირე და საშუალო ბიზნესზე, და საბოლოო ჯამში, გაზრდის ბლოკის ქვეყნების კეთილდღეობას. გარდა ამისა, წერილის ავტორები ევროკავშირის მთელი სამართლებრივი ბაზის გადახედვასა და გაწმენდას ითხოვენ.

გასულ წელს ევროკომისიამ ინიციირება გაუკეთა 123 დირექტივასა და რეგლამენტს და მიიღო 1000-ზე მეტი (ძირითადად ტექნიკური) სამართლებრივი აქტი, თუმცა შესაძლო შედეგების მხოლოდ 25 შეფასება მოამზადა.

ეს ნიშნავს, რომ ევროკომისია ხშირად შეიმუშავებს კანონმდებლობას დანახარჯებისა და სარგებლის გაანგარიშების გარეშე და არ აქვს ზუსტი წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რა შედეგები შეიძლება მოუტანოს მრავალრიცხოვანმა სამართლებრივმა აქტებმა ევროპის 30 მილიონ კომპანიასა და 450 მილიონ მცხოვრებს.