უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებისგან დაფინანსებას მიიღებს მაშინაც კი, თუ უნგრეთი და სლოვაკეთი კვლავ დაბლოკავენ დაპირებულ 90 მილიარდ ევროს ოდენობის სესხს. ამის შესახებ Politico ევროკავშირის ორ დიპლომატზე დაყრდნობით იტყობინება.

ევროკავშირის ლიდერები მომავალ კვირას ბრიუსელში შეხვდებიან იმ იმედით, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრებს, ვიქტორ ორბანსა და რობერტ ფიკოს, დაარწმუნებენ, შეასრულონ ვალდებულებები სესხის დამტკიცების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს უკრაინის მიერ რუსეთთან თავდაცვითი ომის გასაგრძელებლად საჭირო თანხების ორ მესამედს 2027 წლის ბოლომდე.

Politico-ს წყაროების ცნობით, თუ ორივე ქვეყანა უარს იტყვის დათმობაზე, ბალტიისპირეთის და სკანდინავიის ქვეყნები მზად არიან, უკრაინას საკმარისი თანხები მიაწოდონ 2026 წლის პირველ ნახევარში გადახდისუნარიანობის შესანარჩუნებლად. განსახილველი მთლიანი თანხა 30 მილიარდ ევროს შეადგენს — რადგან ეს ორმხრივი სესხებია, მათ ევროკავშირის დამტკიცება არ სჭირდებათ. ცალკე, ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრმა, ელკო ჰეინენმა, კოლეგებს აცნობა, რომ მისმა მთავრობამ კიევისთვის ორმხრივი დახმარების სახით 2029 წლამდე წელიწადში 3.5 მილიარდი ევრო გამოყო.

ბუდაპეშტს ან ევროკავშირის ნებისმიერ სხვა დედაქალაქს შეუძლია უკრაინისთვის სესხის გაცემა დაბლოკოს, მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში უკვე დათანხმდა, რადგან მისი დამტკიცებისთვის საჭირო ერთ-ერთი კანონპროექტი ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნებას მოითხოვს.