Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირი თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მუშაობას განაახლებს. ეს ნაბიჯი ევროპული ბლოკისა და ანკარას შორის ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების ნაწილად განიხილება.
გამოცემის ცნობით, ევროპელი დიპლომატები აქტიურ კონსულტაციებს მართავენ იმ კრიტერიუმების შესასრულებლად, რომლებიც თურქეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის დასაშვებად არის საჭირო.
ევროკავშირი მიზნად ისახავს თურქეთთან ურთიერთობების სტაბილიზაციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიგრაციული ნაკადებისა და რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში.
მხარეები მუშაობენ უსაფრთხოების სტანდარტების, პასპორტების გაცემის წესებისა და მიგრაციის მართვის საკითხებზე, რათა დააკმაყოფილონ ევროკავშირის მკაცრი მოთხოვნები.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ვიზალიბერალიზაცია თურქეთისთვის დიდი ხნის ნანატრი მიზანია, რაც შეიძლება გახდეს მთავარი ბერკეტი ბრიუსელისა და ანკარის სავაჭრო და პოლიტიკური დიალოგის გასააქტიურებლად.
მიუხედავად ოპტიმისტური განწყობისა, ევროპელ მაღალჩინოსნებს შორის კვლავ არსებობს განსხვავებული აზრი. რიგი წევრი ქვეყნები კვლავ აყენებენ საკითხს თურქეთში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობის შესახებ, რაც შესაძლოა, პროცესის შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს.
Politico აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. ევროკავშირი ფრთხილად უდგება საკითხს, რათა ბალანსი დაიცვას რეგიონულ პარტნიორობასა და კავშირის შიდა უსაფრთხოების სტანდარტებს შორის.
ანკარაში ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ, თუმცა დიპლომატიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ პროცესის წინსვლა თურქეთის საგარეო პოლიტიკისთვის პრიორიტეტულ მნიშვნელობას ინარჩუნებს.








