ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და მოუწოდებს მთავრობას, უზრუნველყოს პროტესტის უფლება.

“საქართველოში ვხედავთ მოსახლეობის დიდი ნაწილის ერთგულებას ევროპული მომავლისა და ევროპული გზის მიმართ. ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება გაითვალისწინებს ამ სურვილს. რასაც ბოლო დღეებში ხელისუფლებისგან ხალხის პროტესტის პასუხად ვხედავთ, არის ძალადობა განსაკუთრებით პოლიციის მხრიდან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა დაშინება, მუქარა, ფიზიკური შეურაცხყოფა პროტესტის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. ეს ბრუტალური ქმედებებია და ჩვენ მას მკაცრად ვგმობთ.

მოვუწოდებთ მთავრობას უზრუნველყოს, პროტესტის უფლება და ჯეროვნად გამოიძიონ ყველა გადაცდომა, დარღვევა და ძალადობის ფაქტი. ველით, რომ მათ, ვინც პასუხისმგებელია ასეთ ქმედებებზე, სამართლებრივი რეაგირება იქნება. ევროკავშირი და მისი წევრები საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, ჩვენი წევრების ნაწილმა ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, რას ფიქრობენ შექმნილ ვითარებაზე", - ამბობს სტანო.

რაც შეეხება შესაძლო სანქციებს მან შემდეგი აღნიშნა:

"სანქციების საკითხზე გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მიერ კონსენსუსის გზით მიიღება, იმ დროს, როცა ჩაითვლება, რომ სასურველ შედეგამდე სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ ჯერ არ ვართ აქ. საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა. ვიმედოვნებთ და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროპულ გზას დაუბრუნდეს".