უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ბრატისლავაში გამართულ ვიშეგრადის ოთხეულის (V4) გაფართოებულ სამიტზე განაცხადა, რომ ბუდაპეშტი უკრაინის მიმართ სოლიდარული რჩება, თუმცა მიუღებლად მიიჩნევს კიევის ფინანსური დახმარების ევროკავშირის 2028–2034 წლების შვიდწლიან ბიუჯეტზე მიბმას. მადიარმა ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტი მოლაპარაკების საფუძვლადაც კი არ მიიჩნია და ხუთშაბათს ბრიუსელში დაგეგმილი სამიტის გამართვა უსარგებლოდ შეაფასა.
ორშაბათს, 23 ნოემბერს, სლოვაკეთის V4-ის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ბრატისლავის ციხესიმაგრეში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უმასპინძლა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარს, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და შეხვედრაზე სპეციალურ სტუმრად მიწვეულ ავსტრიის კანცლერ კრისტიან შტოკერს.
სამიტის მთავარ თემებს ევროკავშირის 2028–2034 წლების მრავალწლიანი ბიუჯეტი, გაერთიანების კონკურენტუნარიანობა, ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები, ემისიების სავაჭრო სისტემის (ETS-2) სტანდარტები და მიგრაციის საკითხები წარმოადგენდა.
ბუდაპეშტის პოზიცია უკრაინის დაფინანსებასა და ევროკავშირის ბიუჯეტზე
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პეტერ მადიარმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და ავსტრიის მსგავსად, უნგრეთიც სოლიდარულია უკრაინის მიმართ და ცდილობს, მას ყველანაირი დახმარება გაუწიოს.
„ჩვენ ეს წარსულშიც გავაკეთეთ და მომავალშიც გავაკეთებთ. თუმცა, არ დავთანხმდებით, რომ ისედაც გადატვირთულ ევროპულ ბიუჯეტში ეს იძულებით მოგვახვიონ თავს, ამით დაგვემუქრონ ან წინაპირობად დაგვიყენონ“, — განაცხადა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
მადიარის თქმით, ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტს იგი „არანაირი ფორმით არ განიხილავს მოლაპარაკებების საფუძვლად“, რის გამოც ხუთშაბათს ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის გამართვას ამ ეტაპზე უაზროდ მიიჩნევს.
უნგრეთის პრემიერის მოსაზრება ბრიუსელის შეხვედრის უშედეგობასთან დაკავშირებით სამიტის სხვა მონაწილეებმაც გაიზიარეს.
ცენტრალური ევროპის სპეციფიკა და ენერგოპოლიტიკა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი ევროპის ასაშენებლად დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ ცენტრალური ევროპისა და ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის სახელმწიფოების განსხვავებული ისტორიული მემკვიდრეობა.
მისი თქმით, რეგიონის ქვეყნები გეოგრაფიულად უფრო ახლოს არიან ომთან, უფრო მწვავედ განიცდიან მიგრაციულ ზეწოლას და გაცილებით მძიმედ აისახება მათზე ენერგორესურსების მაღალი ფასები.
მადიარმა ასევე დაადასტურა, რომ ბუდაპეშტი სიამოვნებით შეუერთდა ჩეხეთის მთავრობის მიმართვას, რომელიც ევროკავშირის ახალი კლიმატური რეგულაციის (ETS-2) ამოქმედების გადავადებას ითხოვს.
დონალდ ტუსკის მოწოდება სოლიდარობისკენ
როგორც გამოცემა Magyar Hang-ი წერს, პრესკონფერენციაზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ვიშეგრადის ოთხეული მრავალ საკითხში ერთიან პოზიციას იკავებს და აღნიშნა, რომ ერთადერთ გამონაკლისს უკრაინისა და რუსეთის მიმართ პოლიტიკა წარმოადგენს. ტუსკმა რეგიონულ პარტნიორებს მოუწოდა, მომდევნო „კრიტიკულ თვეებში“ მხარი დაუჭირონ უკრაინას, რადგან რუსულმა აგრესიამ „უკვე გადაკვეთა უკრაინის დასავლეთი საზღვრებიც“.
გაწეული დახმარება დღეს პირდაპირ დახმარებას ნიშნავს ევროპისა და პოლონეთისთვისაც“, — განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
წყაროები: Magyar Hang და Portfilio.hu (MTI-ზე დაყრდნობით)
მოამზადა რაულ კაპანაძემ




