ბერლინის მერმა კაი ვეგნერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქალაქის კროიცბერგის რაიონში მდებარე გიორლიცის პარკი არაუგვიანეს 2024 წლის დასაწყისისთვის შემოიღობება და ღამის საათებში იქ შესვლა აიკრძალება.

ბერლინის მერიის ამ გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობა ივნისის შუა რიცხვებში პარკში მომხდარმა ჯგუფური ძალადობის და გაუპატიურების შემთხვევამ, რომლის შესახებაც გარკვეული დროის მანძილზე თითქმის არაფერი იყო ცნობილი და პრესა მასზე დეტალურად პროკურატურის მიერ ძიების დასრულების და საქმის არსებითად განსახილველად სასამართლოსთვის გადაცემის და თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ კანონის გამკაცრებაზე წამოწყებული დისკუსიის პარალელურად ალაპარაკდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივნისის შუა რიცხვებში, 27 წლის თ.-მ და მისი მეუღლემ (ზოგიერთი წყარო მას მეგობარ მამაკაცად მოიხსენიებს), რომლებიც საქართველოდან არიან და ორ შვილთან (4 და 7 წლის ასაკის) შვილთან ერთად რამდენიმე თვეა ცხოვრობენ ბერლინში, გიორლიში მარიხუანას ყიდვა, თამბაქოსთან ერთად გახვევა და მოწევა გადაწყვიტეს, მაგრამ საბოლოოდ, კოკაინი იყიდეს, პარკში სკამზე ჩამოსხდნენ, მოიხმარეს და ერთმანეთის კოცნა დაიწყეს. შემდეგ წყვილი შედარებით მოფარებულ ადგილზე განმარტოვდა და ინტიმით დაკავდა.

წყვილს რამდენიმე მამაკაცი ადევნებდა თვალყურს. გარკვეული ხნის შემდეგ ისინი მივიდნენ წყვილთან, ქალს შეეხნენ, კაცს მუშტებით და ჯოხებით სცემეს. შემდეგ მათ ქალს დაჩოქვა და ორალური სექსი აიძულეს, ბოლოს კი გააუპატიურეს. ქალმა მოგვიანებით გაქცევა მოახერხა და დახმარება ითხოვა, თუმცა დამნაშავეების მაშინვე დაკავება ვერ მოხერხდა.

საბოლოოდ, პოლიციამ დამნაშავეების კვალზე გასვლა და დაკავება შეძლო. მათ წინააღმდეგ მთავარი სამხილი ქალის ტანსაცმელზე აღმოჩენილი სპერმის კვალია.

გერმანული პრესის ცნობით, ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადი და რთული იქნება. პროკურატურამ მოწმეებად დაასახელა 47 ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი მცხოვრებლები, უამრავი პოლიციელი და ექიმი ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკიდან „შარიტე" (ქალი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, მას სხვა სახის სამედიცინო დახმარებასთან ერთად ფსიქოლოგების დახმარება ესაჭიროებოდა და გარკვეული ხნის განმავლობაში გამომძიებლებთან თანამშრომლობას ვერ ახერხებდა - „აიპრესი"). საჭირო იქნება აგრეთვე ფრანგულის თარჯიმანი, რადგან ბრალდებულები გერმანული ენას ცუდად ფლობენ.

განსაცვიფრებელია, რომ ამ საზარელ დანაშაულში ბრალდებული სამივე პირს მრავალი წლის წინ ეთქვა უარი თხოვნაზე თავშესაფრის შესახებ, - წერს გერმანული პრესა და დამნაშავეთა შესახებ ზოგიერთ მონაცემს აქვეყნებს.სავარაუდო მთავარი დამნაშავე ოსმან ბ. სომალიიდანაა.

ვარაუდობენ, რომ ექსპერტიზის დროს აღმოჩენილი სპერმის კვალი მის დამნაშავედ ცნობის საშუალებას იძლევა. 21 წლის ახალგაზრდას, რომელსაც მუდმივი მისამართი არ აქვს, ათი მეტსახელი აქვს. იგი შვიდი წელია გერმანიაში იმყოფება და ბინადრობის ნებართვას ვადა გაუვიდა. საქსონია-ანჰალტში სხეულის დაზიანების ორ საქმე, რომლის მონაწილეც იგი იყო, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის კანონმდებლობით შეწყდა.

ორივე თანამზრახველი გვინეიდანაა. მოსალოდნელია, რომ ისინი მსჯავრდებულნი იქნებიან დაზარალებულის ტანსაცმელზე სპერმის კვალის საფუძველზე. 22 წლის ბუბარკარ ბ.-ს ოთხი მეტსახელი აქვს, უსახლკაროა და ექვსნახევარი წელია გერმანიაში იმყოფება. მას თავშესაფრის მინიჭებაზე უარი ეთქვა და არ აქვს ბინადრობის ნებართვა. სამი წლის წინ ბუბარკარ ბ.-ს ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობითით შეეცვალა, შემდეგ კი გაუქმდა. მეორე სასჯელი 2021 წელს ერთი წელი და ორი თვის ვადით იქნა გამოტანილი.

მაუნტაგა დ., ასევე 22 წლის, გერმანიაში 2017 წლიდანაა. თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, თუმცა არ გაუძევებიათ. ის მოხუცთა თავშესაფარშია რეგისტრირებული. პოლიციაში მასზე არსებულ ჩანაწერში ფიგურირებს თავდასხმა, ნარკოტიკების უკანონო შენახვა და ბინადრობის კანონის დარღვევა. საქმე შემწყდარია.

ბუბარკარ ბ.-ს ადვოკატ მირკო როდერი თვლის, რომ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ გერმანიის პოლიტიკის ჰარმონიზაციას პროცესიი ვერ შეძლებს და იგი ამ საკითხებზე დებატების ადგილად არ უნდა იქცეს.

გიორლის პარკი კარგა ხანია იქცა ადგილად, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობა, სექსუალური ძალადობა და სხვა მძიმე დანაშაული ხდება. ბერლინის მცხოვრებთა შორის პარკში ასეთი სიტუაციის გამო არსებული მწვავე უკმაყოფილების საპასუხოდ ბერლინის მერია რადიკალური ზომების მიღებას გეგმავს.

„ახლა ჩვენ უნდა დავამშვიდოთ სიტუაცია და დავრწმუნდეთ, რომ ღამით იქ დანაშაულებრივი ან ძალადობრივი ქმედებები არ მოხდება“, - ამბობს ბერლინის. მერი.

მან გიორლის პარკსა მანჰეტენის ცენტრალურ პარკს შორის გაავლო პარალელი და აღნიშნა, რომ ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი ითვლებოდა ყველაზე სახიფათო პარკად მსოფლიოში.

პარკი შემოღობეს და ღამით ჩაკეტეს. დღეს ცენტრალური პარკი ღამით აღარ არის ჩაკეტილი და განსაკუთრებით უსაფრთხო საზოგადოებრივ პარკად ითვლება, - განაცხადა ბერლინის მერმა კაი ვეგნერმა.

მისი თქმით, ბერლინის კიდევ ერთი პოპულარული მწვანე სივრცე, ტემპელჰოფერის ველი, ასევე დაკეტილია ღამით და იქ ნარკოდანაშაული არ ხდება.

ამასთან, მერი მიიჩნევს, რომ გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები მუდმივად არ უნდა იყოს შენარჩუნებული. პარკის ღამით დახურვა დროებითი გამოსავალია, რომელიც გაათავისუფლებს პოლიციას პატრულირებისთვის მიმდებარე საცხოვრებელ ადგილებში, როგორიცაა, მაგალითად, ვრანგელკეზი, - განაცხადა ბერლინის მერმა კაი ვეგნერმა პრესკონფერენციაზე.