საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამშაბათს პარიზში გამართულ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები მოიწვია, რათა განიხილონ უკრაინის მიმართ მტკიცე უსაფრთხოების ვალდებულებები რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში.
ამ შეხვედრაზე ასევე იქნებიან აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი. დაახლოებით 50 წუთის წინ კი პარიზში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„ჩვენ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - დაწერა ზელენსკიმ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ.
მისი თქმით, ის პარიზში ჩავიდა ე.წ. „მსურველთა კოალიციასთან“ „მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის“.
„ეს მოლაპარაკებები მიზნად ისახავს უკრაინის უფრო მეტი დაცვისა და გაძლიერების უზრუნველყოფას. ჩვენ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისა და იმ ზომების იმედი გვაქვს, რომლებიც ჩვენი ხალხისთვის რეალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - დაწერა მან და დასძინა:
„მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას“.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრა, რომელიც უკრაინის სამშვიდობო გეგმას და უსაფრთხოების გარანტიებს ეძღვნება, დაახლოებით 15:00 საათზე (ადგილობრივი დროით) დაიწყება და მასში მონაწილეობას 30-ზე მეტი ევროპელი ლიდერი მიიღებს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, ასევე აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფთან და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად.




